სავარაუდოდ, შემდეგ წელს ჩვენ უკვე ამ მოკვლევას დავხურავთ, - ასე ეხმაურება კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევის დაწყების საკითხს.
როგორც „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ლექვინაძე აცხადებს, ამ ტიპის მოკვლევები ოფიციალურად 6 თვიდან 1 წლამდე გრძელდება, თუმცა, ამ შემთხვევაში, სააგენტო ვარაუდობს, რომ მოკვლევას უფრო მალე დაასრულებს.
„თუ ჩვენი მოკვლევის შედეგად გამოვლინდებიან დამრღვევი კომპანიები, ცხადია, იქნება ფინანსური სანქციები. ფინანსური სანქცია განისაზღვრება კონკრეტული კომპანიის გასული წლის ფინანსური ბრუნვის მოცულობის 5%-მდე თანხის მოცულობით, ეს დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმესა და იმ ზიანზე, რაც ამ ქმედების შედეგად მიადგა მომხმარებელს, თუ ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს“, - განმარტა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, თუ შეთანხმებული ქმედების გარდა, გამოიკვეთა სხვა ტიპის პასუხისმგებლობები და დარღვევებიც, მოხდება შესაბამის ორგანოებთან კოორდინაციაც.
„თუმცა, ცხადია, ის რომ მოკვლევა მიმდინარეობს 11 კომპანიის მიმართ, არ ნიშნავს რომ ყველა ეს კომპანია დამრღვევია. ეს უნდა აჩვენოს თვითონ პროცესმა“, - აღნიშნა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, GCCA-მა სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მომართვა წარმოადგენდა, რომელშიც მითითებული იყო, რომ სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, შესაბამისობაში არ იყო, ან არღვევდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჭიროებდა.