საქართველოს სავაჭრო პალატასა და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების ფედერაციას შორის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ვეკუამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, საბჭოში პირველ ეტაპზე საუდის არაბეთიდან და საქართველოდან 15-15 კომპანიაა შერჩეული.
მისი ინფორმაციით, საბჭოს მიზანი ორმხრივი ინვესტიციების წახალისება და ბიზნესების ერთმანეთთან დაახლოებაა. ამ დროისათვის კი, უკვე დაგეგმილია პირველი ნაბიჯები და 2024 წლის თებერვალში, საქართველოს დელეგაციის საუდის არაბეთში სტუმრობა უნდა განხორციელდეს.
"ვაჭრობის მიმართულებით, მათთვის საექსპორტოდ ძალიან საინტერესოა ცოცხალი ცხვარი, ხორცი და გარკვეული თხილის ნაირსახეობები. თუმცა, დიდი ინტერესია ისეთი მიმართულებების მიმართ, როგორიცაა განახლებადი ენერგიები და ვვარაუდობთ, რომ მათი საინვესტიციო გეგმა სწორედ განახლებადი ენერგიების მიმართულებით იქნება. ისინი ასევე დაინტერესებული არიან ტურიზმის სექტორითა და IT ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც საქართველოში ძალიან აქტიურად და დინამიკურად ვითარდება,"- აცხადებს ვეკუა.
მისივე ცნობით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ, მისი საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი და სტაბილური გახადა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას შეუძლია ჰაბი გახდეს. შესაბამისად, საუდის არაბეთი საქართველოს კომპლექსურად უყურებს, რათა გააფართოოს საქმიანობა და მთელ მსოფლიოზე წვდომა ჰქონდეს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ვარაუდობს, სტანდარტების ჰარმონიზაციის დასრულების შემდეგ, ქართული პროდუქცია იმდენად მაღალი ხარისხის იქნება, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნადი გახდება.