logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა ₾100 მლრდ-ს გადააჭარბებს და ეს საიუბილეო ნიშნული იქნება" - შოთა ბერეკაშვილი

„მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს და ეს საიუბილეო ნიშნული იქნება“, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „ბიზნეს ინსაიდერის“ ორგანიზებით, საბანკო და საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით, ეკონომიკური ფორუმისადმი მისასალმებელ სიტყვაში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ეკონომიკის აღნიშნული წარმატება კანონმდებლებმა, ბიზნესმა, რეგულატორებმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ყველამ ერთად იზეიმოს.

მისი განცხადებით, მიმდინარე ეკონომიკური და გლობალური პროცესები საქართველოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, რადგან ჩვენ ვიმყოფებით როგორც ერთპოლარული პოლიტიკური, ასევე ერთპოლარული ეკონომიკური სისტემის გარდაქმნის პროცესში.

"უკვე ნათელია, რომ იკვეთება ორი ან მეტი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი. პირველია - ატლანტიკური სივრცე, სადაც უპირობო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია და მეორე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სადაც ჩინეთი ქმნის მიზიდულობის მნიშვნელოვან ცენტრს. ამასთან, იქმნება მცირე მიზიდულობის ცენტრები, როგორიც არის, მაგალითად, გალფის ქვეყნები. ეს საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, იყოს ამ ორ დიდ ცენტრს შორის დამაკავშირებელი, რაც თავისთავად, განსაკუთრებული და უნიკალური შესაძლებლობაა“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული შესაძლებლობების განხილვას დაეთმო თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული „აბრეშუმის გზის“ ფორუმი, სადაც 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობდა.

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროცესში გამოიკვეთა სტრატეგიული სექტორები, რომელიც შემდეგი 5-10 წლის პერსპექტივაში განსაკუთრებულ როლს ითამაშებენ ქვეყნის განვითარებისთვის. ლოგისტიკა და ტრანსპორტი წამყვანი მიმართულება იქნება, რომელიც ჩვენი ეკონომიკის 7.5%-ს შეადგენს და აქ შუა დერეფნის როლი განსაკუთრებით გამოიკვეთა. ევრაზიული ვაჭრობის მოცულობა, წლევანდელი მაჩვენებლით, უკვე 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, ჩვენი გამტარუნარიანობა კი, ამჟამინდელი მდგომარეობით, 1 პროცენტამდეა. თუ ჩვენ მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებლის 5%-მდე გაზრდას შევძლებთ, ეს უაღრესად დიდ შესაძლებლობებს მოგვცემს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია ანაკლიის პორტის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ახალი აეროპორტის მშენებლობა. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის წინაპირობებს შექმნის“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მომავლის ეკონომიკაზე საუბრისას, შოთა ბერეკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სექტორსა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან ცალკე გამოყო ტურიზმის სექტორი და დეველოპმენტი, რაც მისივე შეფასებით, ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ეკონომიკური მიმართულებების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საბანკო სექტორს ენიჭება.


გამოგვყევით