პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობამ საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლება დაიწყო, რომელიც ინფრასტრუქტურას და მოძრავ შემადგენლობას მოიცავს.
როგორც ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დაგეგმილია 50 ახალი ელექტრო-ლოკომოტივის შეძენა და უკვე შეძენილია 200 ვაგონი.
„90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეთი რამ არ მომხდარა. საქართველოში პირველად მოხდება ის, რომ ჩვენ შევიძენთ ელექტრო-ლოკომოტივებს. ასევე დაგეგმილია 10 თანამედროვე სამგზავრო მატარებლის შეძენა და მთლიანობაში, 2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ. უკვე შეძენილია 200 ვაგონი, რომლის მაგალითს აქვე ვხედავთ. მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში.
როცა ოპტიმიზაციაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხსნისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ. ეს იყო ბატონი ლაშას უშუალო ინიციატივა და სერიოზული მუშაობა დასჭირდა ამ ყველაფერს. ჩვენ შუამავლების გარეშე შევიძინეთ ეს ვაგონები, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა შესაბამისი დანახარჯი. მთლიანობაში დანაზოგი 400 ვაგონზე იქნება დაახლოებით 6 მლნ დოლარი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში ჩაბრუნდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.