„მე მადლობელი ვარ ინფრასტრუქტურის მინისტრის და მთავრობის იმისთვის, რომ მხოლოდ შარშან და მიმდინარე წელს, ჩვენს სექტორში, ხარისხი გახდა პრიორიტეტი“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე ხარისხი არასდროს ყოფილა პრიორიტეტი.
„აქამდე, ჩვენთვის პრიორიტეტი იყო მხოლოდ დაბალი ფასი. დაბალი ფასით კი - ხარისხობრივ ინფრასტრუქტურას ვერ ავაშენებთ. ამ მიმართულებით ისტორიული ცვლილებები ხდება, ფასწარმოქმნა კარდინალურად შეიცვალა“, - აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა.
მან გადაცემაში ქართული სამშენებლო კომპანიების კონკურენტუნარიანობის საკითხზეც ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი ნაწილი განსაკუთრებით საგზაო დეპარტამენტის პროტფელის, მათ შორის - ჩქაროსნული მაგისტრალები, დონორების მიერ არის დაფინანსებული და იქ დომინირებენ ჩინური სახელმწიფო კომპანიები. შედეგებმა გვაჩვენა, რომ ფასის ნაწილში აბსოლუტურად არარეალისტურია, რომ ქართულმა სამშენებლო კომპანიებმა ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს კონკურენცია გაუწიონ. თუმცა, მიმდინარე წელს, სამინისტრომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სატენდერო პირობებში, რამაც მისცა ქართულ სამშენებლო კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა“, - განმარტა ირაკლი გიორგობიანმა.
მისივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამატებით მუშაობს ახალ ინიციატივაზეც, რომლის შედეგადაც, ქართულ სამშენებლო კომპანიებს გარკვეული პრეფერენციები ექნებათ, მათ შორის - საერთაშორისო ტენდერებში.