ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას პროგნოზით, საქართველოს პროფიციტური ეკონომიკა 2030 წლისთვის ექნება.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორის” ეთერში განაცხადა, სავარაუდოდ, მომავალ წელს მოსახლეობის რეალური შემოსავლებიც გაიზრდება.
“ჩემი აზრით, პროფიციტური ეკონომიკა 2030 წლისთვის გვექნება. დღეს დეფიციტური ეკონომიკა გაქვს, თუმცა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის მკვეთრად კლებადი და ისტორიულ მინიმუმზეა. შარშან მესამე და მეოთხე კვარტლის ჯამი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მიხედვით, პროფიციტური იყო. წელსაც დარწმუნებული ვარ, რომ მესამე მეოთხე კვარტალი ჯამში იქნება პროფიციტური. როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის,რომ საქართველოს ეკონომიკა თვითკმარი გახდეს. დარწმუნებული ვარ, 2030 წლისთვის საქართველოში პროფიციტური ეკონომიკა იქნება”,-განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
რაც შეეხება მოლოდინებს, მიხეილ დუნდუას განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ინფლაცია დასტაბილურებას დაიწყებს და ასეთი მოლოდინი აქვს მასაც.
“ძალიან რთულია ინფლაციაზე პროგნოზის გაკეთება, როცა რეგიონში პროცესები არის დრამატული და არა მარტო საქართველოსთვის. ჩვენ გლობალურ გამოწვევებს სწორად უნდა დავუპირისპირდეთ. ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება ჩვენი ამოცანაა და ყველაფერს გავაკეთებთ. მთავარი ამოცანა არის მსყიდველუნარიანობის შემოსავლის მატება, რომ საზოგადოებისთვის ინფლაცია პრობლემა არ იყოს”,- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური და შემოსავლების ზრდა აქვს მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით.
“ადვილი წარმოსადგენია, რომ მომავალ წელს შესაძლოა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი 12 ათასი დოლარის ნიშნულზე დავასრულოთ. არც ისაა გამორიცხული, წელს მივიღოთ ეს შედეგი. ამის შედეგი იქნება ის, რომ მოსახლეობის რეალური შემოსავლები გაიზრდება”,-განაცხადა მიხეილ დუნდუამ.