logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"არ გვინდოდა, რომ განსაკუთრებულ პირობებში მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა ყოფილიყო " - ირაკლი გიორგობიანი

"არ გვინდოდა, რომ განსაკუთრებულ პირობებში მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა ყოფილიყო " - ირაკლი გიორგობიანი

1791485482

არ გვინდოდა, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა ყოფილიყო  განსაკუთრებულ პირობებში, რადგან იგივე წყალმომარაგება და სხვა მუნიციპალური პროექტები არ დაგვეჩაგრა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა.

მან ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის გამოყენების წესში შესული ცვლილებები შეაფასა.

„წელს, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის კუთხით. კერძოდ, შესყიდვების კანონში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც, ხელშეკრულების ღირებულების ზრდა დასაშვები არის ინდესაქციით გამოწვეული ხელშეკრულების ღირებულების ზრდისგან. ეს პრაქტიკა აქამდე არ არსებობდა და ეს საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. ამის შემდგომ უკვე, მოხდა დადგენილების გამოცემა, რომელმაც უშუალოდ დაარეგულირა ინდექსაცია. მოგეხსენებათ, რომ მთელ მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ნავთობის ღირებულებაზე, რომელიც აისახა არა მხოლოდ მშენებლობის ღირებულებაზე, არამედ სხვა სექტორებზეც. საქართველოც არ არის გამონაკლისი. აქედან გამომდინარე, პირველი დადგენილება, რომელიც თავდაპირველად გამოიცა, ანუ 245-ე დადგენილება მოიცავდა ორ რეჟიმს - ერთი დროებითს, და მეორე - რომელიც 2027 წლიდან უზრუნველყოფს სისტემატიზირებულ ინდექსაციას.

245-ე დადგენილება ითვალისწინებდა, რომ ინდექსირება მომხდარიყო ბიტუმისა და  საწვავის ფასით. ეს ცოტა რთული ფორმულა იყო. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ადმინისტრირების პროცესში გამოწვევები იყო, შესაბამისად, ჩვენს ასოციაციასა და კერძო სექტორს აქტიური დიალოგი გვქონდა სახელმწიფოსთან, რის შემდეგაც უკვე 484-ე დადგენილება გამოიცა. თუმცა, აქაც აღმოჩნდა ერთი ტექნიკური ხარვეზი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გამოსწორდება. კერძოდ, გარდამავალ პერიოდში, ინდექსაცია სამწუხაროდ მხოლოდ საგზაო კომპანიებზე ვრცელდება. ეს ყოველთვის იყო ჩვენი შენიშვნა - არ გვინდოდა განსაკუთრებულ პირობებში ყოფილიყო მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა, რადგან წყალმომარაგება და სხვა მუნიციპალური პროექტები არ დაგვეჩაგრა. შესაბამისად, ამაზე ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ინიციატივა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამის კორექცია“, - განმარტა ირაკლი გიორგობიანმა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას მჭირდო და ღია კომუნიკაცია აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შესაბამისად, ასოციაციაში ელიან, რომ მათ მოსაზრებას გაითვალისწინებენ და ინდექსაცია გავრცელდება არა მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებზე, არამედ მუნიციპალური განვითარებისა და წყალმომარაგების კომპანიებზეც გავრცელდება.

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის გამოყენების წესში ცვლილებები შევიდა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ინდექსაცია სრული მასშტაბით 2027 წლის პირველი იანვრიდან გამოცხადებულ ტენდერებზე გავრცელდება.

გამოგვყევით