"რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ტვირთების ნაწილის გადმომისამართება მოხდა, რამაც შუა კორიდორს საუკეთესო ტესტი ჩაუტარა თუ სად არის შეფერხებები და პრობლემები," - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განუცხადა.
მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში კონტეინერიზაციის დონე მხოლოდ 10%-ს შეადგენს, რაც რეგიონისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ტვირთებს მეტი პოტენციალი აქვს, რომ ქვეყანას უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს.
მისივე ცნობით, მსოფლიო ბანკის კვლევაში შუა კორიდორი განხილულია როგორც რეგიონალური კორიდორი და არა ტრანსკონტინენტური, რადგან ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობაში შუა კორიდორი ისეთ მნიშვნელოვან როლს ვერ ასრულებს, როგორც უნდა ასრულებდეს.
"გარდა კორიდორის ინფრასტრუქტურული პრობლემისა, სექტორში გამოწვევაა ციფრული ტექნოლოგიებიც. თუმცა ამერიკის მთავრობის დახმარებით, ქართულ პორტებში ერთი ფანჯრის პრინციპი შემუშავდა, რომელიც უკვე სატესტო რეჟიმშია გაშვებული. შეიქმნება ერთიანი მონაცემთა ციფრული ბაზა, სადაც წვდომა საბაჟოს, საზღვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პორტის ოპერატორებს ექნებათ ,"-აცხადებს საღირაშვილი.
მისივე ცნობით, პრობლემების აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში, საჭიროა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რადგან ის შუა კორიდორის ხერხემალია. მეორეა - კვალიფიციური კადრები, რომლებმაც ინფრასტრუქტურა უნდა მართოს. შემდეგია, ციფრული ტექნოლოგიები, რომელიც დოკუმენტბრუნვას მოაწესრიგებს და ბოლოს მარკეტინგი, რათა კორიდორმა მუშაობა შეძლოს.
ამასთან, მეორე პროექტი, რომელიც EBRD-ის დაფინანსებით ხორციელდება, კონკრეტულად ტვირთებზეა ორიენტირებული, ერთიან პლატფორმაში კერძო ოპერატორები, რკინიგზა, ლოგისტიკური ტერმინალები თუ ლოგისტიკური კომპანიები ჩაერთვებიან, ინფორმაციას გაცვლიან და პროცესებს დაგეგმავენ. რაც გამტარუნარიანობის გაზრდაზე, მომსახურებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე პირდაპირ აისახება.
მისი ინფორმაციით, დეკემბერში, BAG საბაჟოს ხელმძღვანელობას ხვდება, რომლებთანაც ყველა არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას მოახდენს და სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად შეეცდებიან არსებული პრობლემების მოგვარებას.