შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ალტერნატიული მარშრუტი; ის წარმოადგენს მოდელს, თუ როგორ შეუძლია ვაჭრობას მოერგოს გეოპოლიტიკურ რეალობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო, რომელიც აკავშირებს კონტინენტებს და წარმოადგენს კავკასიის, კასპიის ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის შვიდი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის სატრანსპორტო და დამაკავშირებელი მთავარი ცენტრის როლს, მოუწოდებს მთავრობებს, ინვესტორებს და ბიზნესლიდერებს, ითანამშრომლონ მდგრადი მიწოდების ჯაჭვების შექმნაში - ისეთების, რომლებიც შეამცირებენ რისკებს, გააფართოებენ შესაძლებლობებს და ფრაგმენტაციას დაძლევენ კავშირების შექმნით.
„არსებობს დერეფანი, სადაც ტვირთი, მონაცემები, ენერგია და კაპიტალი პროგნოზირებად რეჟიმში მოძრაობს კონტინენტებზე - სადაც ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილია თანამშრომლობით და არაა პოლიტიკით შეზღუდული და სადაც მშვიდობა არა მხოლოდ პრინციპია, არამედ გააზრებული ეკონომიკური სტრატეგიაც.
ამ ფრაგმენტირებულ სამყაროში კეთილდღეობა გამყოფი კედლებიდან კი არა, ხიდებიდან იქმნება. დღეს, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ერების სიმდიდრე ამ ხიდების მშენელებზეა დამოკიდებული. საქართველო მზადაა, ერთ-ერთი ასეთი ხიდი თავად იყოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.