logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი: საქართველოს აქვს უნარი, იყოს ლიდერი და სამართლიანი მოთამაშე

ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი: საქართველოს აქვს უნარი, იყოს ლიდერი და სამართლიანი მოთამაშე

1740042542

„საქართველოს აქვს უნარი, იყოს ლიდერი და სამართლიანი მოთამაშე, რაც 2025 წელს წარმატებამდე მიგვიყვანს“, - ამის შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი არტურ ლორკოვსკი  აცხადებს და  საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარეობას ულოცავს. საქართველო წელს პირველად უხელმძღვანელებს გაერთიანებას, ამასთან დაკავშირებით ვენაში საზეიმო მიღება გაიმართა.

„საქართველო ძალიან კარგად მოემზადა ამ დღისთვის. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რომლებიც ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებისას აიღო. ამის გამო, დღეს საქართველო ერთ-ერთი წამყვანი შემსრულებელია გაერთიანებაში საკანონმდებლო ჩარჩოს დანერგვის თვალსაზრისით. თავმჯდომარეობა დამატებითი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რადგან პასუხისმგებლობა ეხება მთლიანად პროცესის წარმართვას გაერთიანების ქვეყნებში“, - აღნიშნა არტურ ლორკოვსკიმ.

ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით. საქართველო ორგანიზაციის წევრია 2017 წლიდან, წელს კი პირველად გახდა მისი თავმჯდომარე ქვეყანა. 

ავსტრიის დედაქალაქში გამართულ მიღებას საქართველოს დელეგაცია, ორგანიზაციის სამდივნოსა და წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გამხსნელ სიტყვაში იმ მიზნებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველო ორგანიზაციის ხელმძღვანელობისას ისახავს. მიმდინარე წელს საქართველოს თავმჯდომარეობის პირობებში ენერგეტიკული გაერთიანების მიზნებზე საუბრობს არტურ ლორკოვსკიც, მათ შორის ხაზს უსვამს ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხს.

„გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკული კავშირის ქვეყნებისა და ევროკავშირის ბაზრების ინტეგრაციას. საქართველოს ლიდერის უნარები და სამართლიანი მოთამაშეობა ნამდვილად გვჭირდება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ენერგეტიკული გაერთიანებისთვის რთული პერიოდია - როდესაც უკრაინისა და მოლდოვის ბაზრებზე უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის შეჭრა და თანმხლები შედეგები. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავს გაართმევს ამ გამოწვევებს და  ეფექტური თავმჯდომარე იქნება ორგანიზაციისთვის“, განაცხადა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა.

გამოგვყევით