"ვიდრე ბირჟა არასავალდებულო ვაჭრობის რეჟიმში იქნება, ვაჭრობაში დიდი აქტივობა მოსალოდნელი არ არის - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „უსასრულო ენერგიის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ბახტურიძე აცხადებს.
მისი თქმით, კომპანიას ჯერჯერობით, დასრულებული ენერგეტიკული ობიექტი არ აქვს, რომლითაც ბირჟაზე დარეგისტრირდებოდა, თუმცა, ზოგადად, სექტორში დიდი ენთუზიაზმი არ შეიმჩნევა.
„ჩვენ 2015 წელს გავაფორმეთ დეველოპმენტის მემორანდუმი და სამწუხაროდ, მხოლოდ გასულ წელს შევძელით მშენებლობის მემორანდუმის გაფორმება. დაახლოებით 3-4 წელიწადში იქნება ჩვენი ახალი 100 მგვტ-იანი ქვესადგური აშენებული და მხოლოდ მას შემდეგ მოგვიწევს 3-4 თვე ბირჟაზე ვაჭრობა. ამ ეტაპზე დიდ აღფრთოვანებას კერძო სექტორში ვერავის ვერ ვატყობ. რეალური სურათი ასეთია - სანამ ბირჟა არასავალდებულო რეჟიმში იქნება, ვაჭრობაში ძალიან დიდ აქტივობას არ ველოდები,“ - ამბობს თორნიკე ბახტურიძე.
მისივე თქმით, მსხვილ შემსყიდველებს მოლოდინი აქვთ, რომ ბაზარზე ფასი გაუძვირდებათ.
„ენერგოტევად ინდუსტრიებს რაც შეეხება, როგორიცაა მაგალითად, მეტალურგია - მათი კონკურენტულობა მსოფლიო დონეზე განისაზღვრება იმით, თუ რამდენად დიდი ენერგეტიკული რესურსი აქვთ. მაგალითად, ფეროშენადნობები სხვა ქვეყნებში ისეთ რეჟიმში მუშაობენ, რომ როდესაც ენერგია იაფია, მაშინ ამზადებენ, რამდენიც შეუძლიათ და მერე ყიდიან. ჩვენთანაც, როდესაც ბიზნეს მოდელი ასე თუ ისე გამართულია როგორღაც ფიქსირებული ფასით და მეტალურგებიც თავიანთ ბიზნესს ნორმალურ რეჟიმში აწარმოებენ, საერთოდ არ აქვთ მოტივაცია, რომ რაიმე ტიპის ცვლადი შეიტანონ თავიანთ ფიქსირებულ მოდელში და რაღაც უცნობ ფაქტორზე იყვნენ დამოკიდებული. დიდი ლავირების საშუალება მათ არ აქვთ - მათთვის ენერგიის ოდნავი გაძვირებაც კი მოგებიანობასთან დაკავშირებით დიდ პრობლემებს შექმნისდიდ პრობლემებს შექმნის.
ამიტომ, ეს ჯაჭვურ რეაქციას იწვევს - შედარებით მცირე მომხმარებლები უყურებენ, რომ დიდი მომხმარებელი არ ვაჭრობს, არც თავად ვაჭრობენ. თუ მხოლოდ მცირეები დარჩებიან, მაშინ ფასი დამახინჯდება. ამიტომ, ეს უფრო ზოგად ეკონომიკური გადაწყვეტილების შედეგი უნდა იყოს.
ქვეყანამ შეიძლება გარკვეული კუთხით მხარი დაუჭიროს მეტალურგიულ და ენერგოინტენსიურ სექტორებს. ამის შემდეგ შეიძლება მათ გაბედონ და მეტი ხალისით ივაჭრონ ბირჟაზე, თუმცა, ის კითხვები რაც პასუხგაუცემელი იყო ბირჟასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ისევ რჩება“ - განმარტავს თორნიკე ბახტურიძე „ბიზნესპარტნიორთან“.
შეგახსენებთ, ენერგეტიკული ბირჟა 6-ჯერ გადავადების შემდეგ, 1 ივლისს, არასავალდებულო ვაჭრობის რეჟიმში გაიხსნა. ენერგეტიკულ ბირჟაზე ტრანზაქცია ჯერ არ შემდგარა.
ბირჟაზე ამ დროისთვის ექვსი კომპანიაა რეგისტრირებული: „სს თელასი“, „შპს ლილო მოლი“, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „შპს ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია“, „შპს რიცულაჰესი“, „შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“.