ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით მჭედლიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, რომ BARTA-ში მონაწილეობა კომპანიებს მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს და ეხმარება, საკუთარი ანგარიშგება უფრო მიმზიდველი გახადონ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
„ჩემი მოლოდინია, რომ კიდევ უფრო ბევრ საინტერესო ანგარიშგებას ვიხილავთ. წელს საინტერესო მონაწილეებს გამოვავლენთ. ვფიქრობ, მონაწილეებიც თავად დიდ სარგებელს მიიღებენ ამ პროცესისგან. მონაწილეობაც კი ძალიან დიდ გამოცდილებას სძენს კომპანიას, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად დაეხმარება, რომ თავისი ანგარიშგება მიმზიდველი იყოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის“, - განაცხადა დავით მჭედლიძემ.
დავით მჭედლიძემ ხარისხიანი ანგარიშგების სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოყო: გამჭვირვალობა, ანგარიშგების ხარისხი და სანდოობა.
„შეიძლება, ანგარიშგება ძალიან ხარისხიანი და გამჭვირვალე იყოს, მაგრამ სანდოობა არ ჰქონდეს. ზუსტად ამ ნდობის ელემენტს სძენს ანგარიშგებას დამოუკიდებელი აუდიტორი - პროფესიონალი, რომელიც ანგარიშგებას აფასებს და ამბობს, რამდენად სანდოა ის და რამდენად არის მომზადებული სტანდარტების შესაბამისად. ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს როგორც ანგარიშგებების, ისე აუდიტის ხარისხის ზრდისა და ნდობის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშგებები, რომლებიც BARTA-ზე ფასდება, აუდიტირებულია და აუდიტორის მიერ დადებითად შეფასებული. აუდიტორის შეფასებით, ანგარიშგება სტანდარტებთან შესაბამისობაშია. უკვე ამ ანგარიშგებებს ჟიური მდგრადობის ანგარიშგებისა და სხვა მიმართულებებით აფასებს“, - განაცხადა დავით მჭედლიძემ.
დავით მჭედლიძემ ასევე ისაუბრა მდგრადობის ანგარიშგებაზე:
„ევროპული პრაქტიკა სულ რამდენიმე წელს ითვლის. საქართველოში ჯერჯერობით მდგრადობის ანგარიშგების სავალდებულო სტანდარტი არ გვაქვს, თუმცა კომპანიას შეუძლია, სამი საერთაშორისო სტანდარტიდან თავად აირჩიოს ერთ-ერთი და მის შესაბამისად მოამზადოს ანგარიშგება. ამ მიმართულებით მზაობა არაერთგვაროვანია, თუმცა გვყავს გამორჩეული, საკმაოდ მსხვილი კომპანიები, რომლებიც ნებაყოფლობით ირჩევენ ამა თუ იმ სტანდარტს და მის მიხედვით ამზადებენ ანგარიშგებას, რომელშიც ფინანსური და ბიზნესმოდელის ნაწილის გარდა, სოციალური მხარეც არის გათვალისწინებული - როგორ იმართება ბიზნესი, რამდენად პასუხისმგებლიანია, რამდენად დიდ ყურადღებას აქცევს მდგრადობასა და გრძელვადიან განვითარებას“, - განაცხადა დავით მჭედლიძემ.
შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. BARTA 2026-ს მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონული პროგრამა, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.