logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავამ CIPS-ის პრეზიდენტთან ფუ ჰუანგთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ნათია თურნავამ CIPS-ის პრეზიდენტთან ფუ ჰუანგთან ონლაინ შეხვედრა გამართა

1766755703

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემის (CIPS) პრეზიდენტს ფუ ჰუანგს ონლაინ ფორმატში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს, ასევე შეაჯამეს მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს საფინანსო სექტორისა და ეროვნული ბანკის CIPS-თან თანამშრომლობის პროგრესი.

აღინიშნა, რომ 2025 წელი საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული გამოდგა როგორც კომერციულ ბანკებთან, ასევე სებ-თან თანამშრომლობის კუთხით.  ამასთან, CIPS-ის წარმომადგენლებმა არაერთი სამუშაო შეხვედრა და ვორქშოპი გამართეს საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა ქართული ბანკების აქტიურ თანამშრომლობას CIPS-თან გადახდების მიმართულებით. აღსანიშნია, რომ CIPS-ს პირდაპირი წევრობისთვის არაერთმა ქართულმა კომერციულმა ბანკმა მიმართა და ამ ეტაპზე მათი განაცხადების დამუშავება მიმდინარეობს.

თავის მხრივ, CIPS-ის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მომდევნო წელსაც გააგრძელოს თანამშრომლობა როგორც ეროვნულ ბანკთან საგადახდო სისტემის დაახლოების კუთხით, ასევე ქართულ კომერციულ ბანკებთან სხვადასხვა მიმართულებით.

აღსანიშნია, რომ ქართული ბანკების ნაწილი ჩართულია CIPS- ის საგადახდო სისტემაში როგორც არაპირდაპირი მონაწილეები საკორესპონდენტო ჩინური ბანკების მეშვეობით. წელს პირველად დაიწყო რიგი ქართული კომერციული ბანკების განაცხადის განხილვა პირდაპირ წევრობასთან დაკავშირებით, რაც უფრო ეფექტურის გახდის თანამშრომლობას და გამორიცხავს იუანში განხორციელებული ტრანზაქციების დროს ზედმეტ საშუამავლო რგოლებს. 

ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რომ აღნიშნული შესაძლებლობით სხვა ქართულმა კომერციულმა ბანკებმაც ისარგებლონ. CIPS-ში ინტეგრაცია კი ხელს შეუწყობს ქართული საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყენებული ტრანსსასაზღვრო საგადახდო სისტემების დივერსიფიკაციას და მხარს დაუჭერს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ტურიზმის მზარდ ტენდენციას.

გამოგვყევით