logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

რა თანხის გადახდა მოუწევს ყველა ავტომფლობელს მესამე პირის სავალდებულო დაზღვევაში?

ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია, თუმცა მისი განხილვა შესაძლოა, ვერც საგაზაფხულო სესიებზე დაიწყოს.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ავტომფლობელებს წლიურად 150-200 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ, იმისთვის რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შეიძინონ.

„ჩვენ დიდი წვლილი მიგვიძღვის ამ კანონის შემუშავებაში და ასევე, ჩვენთან ერთად ეკონომიკის სამინისტრო იყო პროცესში ჩართული. წინა პროექტი, რაც არსებობდა,  გადამუშავდა. სტატისტიკა საკმაოდ პრობლემური იყო. ავტომობილების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან მანქანები, რომლებიც აღრიცხვაზეა, შეიძლება, დღეს აღარც არსებობენ. თუმცა ჩვენ გარკვეულ პრაქტიკას ვეყრდნობით თუ როგორ გამოთვალონ სადაზღვევო კომპანიებმა პრემია. ახლა საკმარისად მზად ვართ, რომ მინიმალური პრობლემებით შევიდეს ძალაში, თუმცა არ ვიცი რამდენად მოესწრება ამ საგაზაფხულო სესიაზე კანონპროექტის განხილვის დაწყება.  მაგრამ, მთლიანობაში დოკუმენტი მზად არის და შეიძლება წლის ბოლოს იქნას მიღებული.“-აღნიშნავს დავით ონოფრიშვილი.

მისივე თქმით,  ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ტარიფი იქნება ისეთივე,  რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია.

„ზოგადად, თუ ადამიანს მანქანა ჰყავს, ის ტარიფი რაც არის, 150-200 ლარი წლიურად, ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები.  მანქანას გააჩნია, მისაღები უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც საწვავს ასხამს, ცვლის საბურავს და მანქანას უვლის, თვეში 10-15 ლარის გადახდას შეძლებს. მითუმეტეს, როცა იცის, რომ  დაზღვეული იქნება  მესამე პირი, თუკი რამეს დაარღვევს  და ჯიბიდან ფულის დახარჯვა აღარ მოუწევს. არც მანქანის შეკეთებაში, არც დროის ხარჯვა ვინ გააკეთებს და როგორ ამ გარჩევებში,  მესამე პირის ჯანმრთელობაც დაზღვეულია.“- აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

მისივე თქმით, დაზღვევის ამ სახეობის პოზიტივს ყველა ადამიანი  იგრძნობს.

„სავალდებულო იმიტომაა, რომ ვისაც მანქანა ყავს ყველა დაეზღვიოს, თუ არ დაეზღვევა - დაჯარიმდება. იმ ჯარიმის გადახდას უნდა ერჩიოს, დაეზღვიოს, რადგან ამ შემთხვევაში ყველას დაცულობა არის ასპროცენტიანი,“-აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

გამოგვყევით