logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა" - IMF

"საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა" - IMF

1794637956

საქართველოში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყწბის ცნობით, მისიის წევრებმა ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით, ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ნათია თურნავასთან გამართეს შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები.

მისიის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიღებული ინფორმაცია, შეჯამებულია ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებულ პრესრელიზში და ხაზგასმულია, რომ მიუხედავად გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასებისა, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ინარჩუნებს მის წინა პროგნოზებს და 2026 წელს ეკონომიკის ზრდას 7.2 პროცენტის, ხოლო 2027 წელს 5.7 პროცენტის ფარგლებში მოელის, რაც გულისხმობს, რომ ზრდა საშუალოვადიან პოტენციურ, 5-პროცენტიან ზრდის ტემპს თანდათან უახლოვდება და თავის მხრივ, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პროგნოზებთან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის განცხადებაში, ასევე, დადებითად არის აღნიშნული საქართველოს საგარეო პოზიციის გაძლიერება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და გარე შოკების მიმართ მედეგობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, კიდევ ერთხელ, აღნიშნა, რომ ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა კვლავაც გონივრულად იმართება. მათი პროგნოზით, 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 1.5 პროცენტის დონეზე იქნება, რაც თავდაპირველ პროგნოზზე დაბალია და მათ შორის, შემოსავლების მაღალი მაჩვენებლითაა განპირობებული, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 33 პროცენტამდე დაიკლებს.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, კი ითვალისწინებს დეფიციტს მშპ-ის 2.5%-ის ოდენობით, რაც ითვალისწინებს სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასებისა და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მორიგი ვიზიტი „მეოთხე მუხლის კონსულტაციების“ ფარგლებში დაგეგმილია 2027 წლის აპრილში.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ. ნინო მიქელაძე და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ. სიმონ ედიშერაშვილი.

გამოგვყევით