logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ი ქალი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის მიზნით მონაცემთა შეგროვებასა და გამოქვეყნებას იწყებს

სებ-ი ქალი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის მიზნით მონაცემთა შეგროვებასა და გამოქვეყნებას იწყებს

1766128766

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდოლოგია წარადგინა, რომელიც სქესის ნიშნით ჩაშლილ ინფორმაციას ეყრდნობა.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს, კომერციული ბანკებისა და საბანკო ასოციაციის პარტნიორობით შემუშავდა და ის უკვე ოფიციალურად გახდა სებ-ის მარეგულირებელი ანგარიშგების ჩარჩოს ნაწილი. აღნიშნული ცვლილება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ერთიანი დეფინიციის დანერგვა საშუალებას იძლევა, შეიქმნას ზუსტი სტატისტიკური ბაზა ქალთა მიერ მართული და მათ საკუთრებაში არსებული ბიზნესების შესახებ.

აღნიშნულ ინიციატივაზე საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებთან ერთად 2023 წლიდან მუშაობს, საქართველოში სქესის ნიშნით ჩაშლილი მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად. შემუშავებული ქალი მეწარმის საერთო განმარტება და ანგარიშგების ფორმა მიზნად ისახავს ბანკებისგან საწარმოების დაფინანსების შესახებ სქესის ნიშნით ჩაშლილი მონაცემების სისტემურ შეგროვებას. კომერციულმა ბანკებმა პირველი ანგარიშები 2024 წლის მონაცემების საფუძველზე მოამზადეს, ხოლო 2026 წლიდან რეგულარული კვარტალური ანგარიშგება დაიწყება, რაც სქესის ნიშნით ჩაშლილი საწარმოთა მონაცემების უწყვეტ მონიტორინგსა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მონაცემთა შეგროვების ეს სისტემა ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რადგან დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი ბანკებს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად დაინახონ ქალი მეწარმეების საჭიროებები და შესთავაზონ მათზე მორგებული სპეციალური ფინანსური პროდუქტები.

ამასთანავე, მსგავსი სტანდარტების დანერგვა ზრდის ქვეყნის გამჭვირვალობას საერთაშორისო ბაზარზე, ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. სამუშაო შეხვედრას, სადაც აღნიშნული საკითხები განიხილეს, საბანკო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, საპენსიო ფონდისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოგვყევით