logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"SMS-ების შეზღუდვა უფრო ტექნიკური სახის პრობლემაა, ბანკებში ფუნდამენტურ ზიანს არ გამოიწვევს"

საქართველოს საბანკო სფეროს ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, სარეკლამო SMS შეტყობინებების შეზღუდვა საბანკო სექტორისთვის უფრო ტექნიკური სახის პრობლემაა და ამ რეგულაციისგან რაიმე ფუნდამენტური ზიანი ნაკლებად მოსალოდნელია.

ვრცლად, თუ რა შეიძლება შეიცვალოს 1-ელი მარტიდან ბანკებისთვის, ძნელაძე  ''ბიზნესპარტნიორთან" ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.  

‘’რამდენადაც ვიცით, მიდგომა პირდაპირი მარკეტინგის ნაწილში იცვლება. მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით  შემიძლია ვთქვა, რომ საბანკო სექტორი გარკვეულწილად მზადყოფნაშია. რიგი საკითხები ზუსტდება. დღეს საბოლოო პასუხს ნამდვილად ვერ გეუბნებით, რა პრობლემა იჩენს თავს, ეს ეტაპობრივად გამოვლინდება. გარკვეული დეტალები დასაზუსტებელია. უფრო მაინც ტექნიკური პრობლემა იქნება, ვისთვის უფრო მტკივნეული, ვისთვის - ნაკლებად გადასალახი, ძალიან პირობითია. SMS შეტყობინებები გაგრძელდება, ვისგანაც თანხმობას მიიღებენ. როცა რეაგირება ხდებოდა, ისედაც იყო ჯარიმის წინაპირობა. რამე განსხვავებული არ არის, თუმცა მიდგომა ამიერიდან უფრო გამკაცრდება.  მიმდინარეობს მუშაობა, პროცესში უნდა შევხედოთ, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ 1-ელი მარტიდან, როცა რეგულაცია შევა ძალაში,  გარკვეული შეფასების  საშუალება გაჩნდება“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სარეკლამო ტექსტური შეტყობინებების აკრძალვით ბანკები, სხვა სფეროებისგან განსხვავებით, ნაკლებად იზარალებენ.

‘’საბანკო სექტორში მომხმარებელთა უფლების  დაცვის ნაწილში ბევრი ცვლილება განხორციელდა და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე მოხმმარებელთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი საკითხია კიბერუსაფრთხოება, რაზეც ბანკების წარმომადგენლები  არაერთხელ ეხმაურებოდნენ მომხმარებლებს და მიუთითებდნენ ხოლმე, მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინათ. ამ ტიპის კომუნიკაცია გაგრძელდება. ვერ გეტყვით, რომ რეგულაცია მკვეთრად შეცვლის სურსათს. ვფიქრობ, სხვა სექტორებისთვის ბევრად მტკივნეული იქნება, ვიდრე ბანკებისთვის. მოსალოდნელი ფინანსური ზარალის გამოსახვა ციფრებში შეუძლებელია,  საბანკო სექტორი ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული დარგია და რეგულაცია რა პროცესებს გამოიწვევს, დროთა განმავლობაში გამოჩნდება. რაიმე ფუნდამენტური ზიანს არ ველოდებით, თუმცა შეიძლება ტექნიკური პრობლემა წარმოიშვას, რომელიც  მოკლე ტექსტური შეტყობინების აღქმის ნაწილს ეხება: მარკეტინგული მესიჯია თუ საინფორმაციო. არის გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ვალდებულია, რომ მომხმარებლამდე მიიტანოს ბანკმა, მაგრამ ცხადია, ყველა ინფორმაციას ვერ მიაწვდის“, - აცხადებს ძნელაძე.

რაც შეეხება ‘’ბიზნესპარტნიორის“ კითხვას, განიხილება თუ არა ალტერნატივა და რა ზომებს შეიძლება მიმართონ ბანკებმა სამომავლოდ, როცა SMS შეტყობინებების გაგზავნა შეეზღუდებათ, საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ჯერჯერობით ვერც ამას აკონკრეტებს, ყოველ შემთხვევაში, სანამ ყველა დეტალი არ იქნება დაზუსტებული რეგულაციის შესაძლო გავლენაზე.

,,დეტალებს ვაზუსტებთ, მაგრამ კიდევ ბევრი ნიუანსია გასარკვევი. 100%-ით  ვერ ვიტყვით, ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორი რა რეკომენდაციას გასცემს და რას შეცვლის, ესეც გაუგებარია. ამიტომ ალტერნატივაზე საუბარი ნაადრევია.  საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პროცესია, რომელიც მთელ მსოფლიოში მტკივნეული ცვლილება იყო. ჩვენს შემთხვევაში,  შევხედოთ, რა გამოჩნდება.  არის განსხვავებული მიდგომები კანონის ამოქმედების ნაწილში, ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც გარეგნულად მარტივი ჩანს, მაგრამ როცა დეტალებში  ვსწავლობთ, მნიშვნელოვანია სწორად გვესმოდეს, რასთან გვაქვს საქმე და სად არის საბოლოო წერტილი“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

როგორც ცნობილია, კომპანიებს მოქალაქეებისთვის სარეკლამო შეტყობინებების უნებართვოდ გაგზავნა 1-ელი მარტიდან შეეზღუდებათ. აკრძალვას „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს. შეზღუდვა შეეხება როგორც მობილურ ტელეფონზე გაგზავნილ სარეკლამო SMS-ებს, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებებს.

კანონის მიხედვით, სარეკლამო შეტყობინება უნდა გააგზავნოს მხოლოდ წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

გამოგვყევით