სამი კვარტლის სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ წასული პაციენტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. მონაცემებს, რომლებიც 15 წელს ზემოთ მოქალაქეებს მოიცავს, საქსტატი ავრცელებს.
კითხვით - კარგია ასეთი მზარდი ტენდენცია თუ ცუდი? - jandacva.ge-მ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მაია მახარაშვილს მიმართა.
მახარაშვილის შეფასებით, ეს ტენდენცია ცუდია, რადგან მისი ერთერთი მიზეზი ქართული კლინიკებისა და მედპერსონალის მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულებაა, რაც რეალურად საფუძველს მოკლებულია და რაშიც თავისი წვლილი მედიასაც მიუძღვის.
„უცხოეთში მიდის უამრავი ადამიანი, რომელიც ვერაფერს იმისგან განსხვავებულს ვერ იღებს, რისი მიღებაც საქართველოში შეუძლია. ამის მიზეზი ისაა, რომ თურქული ბაზარი მარკეტინგზე კარგად მუშაობს. აქ სააგენტოებია გახსნილი, რომლებიც მოსახლეობას აჯიბადემსა და სხვა კლინიკებში სთავაზობენ მომსახურებას. თურქეთში ორიენტირებულები არიან მომსახურებაზე - პაციენტს ხვდებიან პარკინგზე, აცილებენ კლინიკაში. ეს ხიბლავთ ადამიანებს. თუმცა ეს ერთია და მეორეა - სწორი მკურნალობა. შეიძლება არასწორად არ მკურნალობენ, მაგრამ ჩვენი კლინიკები არაფრით არ ჩამორჩებიან მათ და მათ შორის - არც დიაგნოსტიკის და აპარატურის კუთხით. თანამედროვე აპარატურა კი იმ დონეზეა, რომ პროცესი ტექნოლოგიურად აწყობილია, კალიბრაცია ავტომატურად ხდება და პასუხსაც ის იძლევა. ლაბორატორიებს კი გარე შემოწმების სისტემა აქვთ დანერგილი.
მედია კი ორიენტირებულია ისეთი ფაქტების გაშუქებაზე, როცა ერთ პაციენტს გაურთულდა მდგომარეობა, მისი ახლობელი კი თვლის, რომ მას ნათესავი მოუკლეს და საავადმყოფოს გადაწვა სურს... ის სუბიექტურია და ყველა მძიმე შემთხვევა პერსონალს ბრალდება. ჩვენ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევების განხილვები გვაქვს ხოლმე. ვაანალიზებთ, რამ გამოიწვია ეს შედეგი. თუმცა როცა მსოფლიოს მონაცემს გაეცნობით, ნახავთ, რომ მაგალითად მუცლის აორტის დიაგნოზის დასმის დროს შეცდომების წილი მსოფლიოში 40-50%-ს აღწევს,“ - განაცხადა მაია მახარაშვილმა.
მისი თქმით, ამ სიტუაციაში უნდა იმუშაოს შიდა ბაზარმა, რათა ადამიანებმა პატივი სცენ სამედიცინო საზოგადოებას და აღარ იყოს განწყობა, რომ „ყველა ექიმი მკვლელია“ .
Jandacva.ge დაინტერესდა იმითაც, რატომ აქვს პაციენტების არცთუ მცირე ნაწილს პრეტენზიები ექიმების მხრიდან არასათანადო კომუნიკაციის მიმართ, რისი სრულიად საპირისპირო სურათი ხვდებათ უცხოეთში? მაია მახარაშვილი ამბობს, რომ კლინიკების ნაწილში ეს პრობლემაა, თუმცა ასევე პრობლემა არსებობს თავად პაციენტებისა და მათი ახლობლების დამოკიდებულებაში. მისივე თქმით, ამ კუთხით მდგომარეობა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესმა უნდა გააუმჯობესოს, რომლის ქონაც 2025 წლიდან ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება.
„აკრედიტაცია დაარეგულირებს ამ პროცესებს. აკრედიტაცია უყურებს, რამდენად არ უწევდათ პაციენტებს რიგში დგომა, ასევე ჰიგიენის ნორმებს - ყველაფერ იმას, რაც მოვლის ხარისხს აუმჯობესებს. მააკრედიტებელი ორგანიზაციების ნდობის მიმართ არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, აკრედიტაცია ესაა უწყვეტი პროცესი. რაც შეეხება პაციენტებთან კომუნიკაციას, უნდა შეიცვალოს დამოკიდებულებები პაციენტების ახლობლების მხრიდანაც - მქონია შემთხვევა, მირეკავენ და კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის შესახებ მეკითხებიან და ამ დროს პაციენტი ჯერ კლინიკის კართანაა და არც კი შეუყვანიათ საავადმყოფოში. თანაც, ყველას აინტერესებს მისი მდგომარეობა - მხოლოდ დედას ან ქმარს კი არა, ბიძაშვილს, მამიდაშვილს და ა.შ. შემიძლია მოგიყვანოთ გერმანიის გამოცდილება, სადაც საქართველოდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ჩაიყვანეს სამკურნალოდ. მის ახლობლებთან კომუნიკაციისთვის კართან დაყენებული იყო „დომოფონის“ მსგავსი მოწყობილობა, რომლის საშალებითაც ახლობლები კვირაში ერთხელ იღებდნენ ინფორმაციას პაციენტის შესახებ. მხოლოდ ნეგატივით არ უნდა მივუდგეთ ამ სფეროს. რთული სფეროა და მძიმე შემთხვევები ყველგან ხდება, თუმცა ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტია, რომლებიც ქართველმა ექიმებმა განკურნეს,“ - აღნიშნა მაია მახარაშვილმა.