logo
Loading data...

Blue Origin-მა ტურისტები კოსმოსის კიდემდე მიიყვანა და დედამიწაზე დააბრუნა

Blue Origin-მა ტურისტები კოსმოსის კიდემდე მიიყვანა და დედამიწაზე დააბრუნა

1716387900

ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანიამ Blue Origin-მა რაკეტა New Shepard-ით ექვსკაციანი ეკიპაჟი დასავლეთ ტეხასიდან კოსმოსის კიდემდე გაუშვა.

ეკიპაჟს შორის იყო ასტრონავტობის პირველი შავკანიანი კანდიდატი 1960-იანი წლებიდან - ედ დუაიტი. ის 1961 წელს ასტრონავტად აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ აირჩია, თუმცა, არასოდეს გაფრენილა კოსმოსში.

დუაიტი და სხვა მგზავრები კოსმოსში რაკეტის თავზე განთავსებული კაფსულით ქალაქ ვან-ჰორნიდან გაფრინდნენ. რაკეტა კაფსულას გამოეყო და როგორც დაგეგმილი იყო, დედამიწაზე დაბრუნდა. კაფსულა კი, ატმოსფეროს საზღვრებს 105,7 კმ-ით გასცდა და დედამიწაზე პარაშუტებით დაასრულა მისია, რაც, დაახლოებით, 10 წუთი გაგრძელდა.

კაფსულის სამი პარაშუტიდან ერთ-ერთი ბოლომდე არ გაიხსნა, რაც სავარაუდოდ, რაკეტის მომდევნო გაშვებამდე შესწავლის საგანი იქნება.

როგორც კი კაფსულა მიწაზე დაეშვა, ედ დუაიტი კაფსულიდან გადმოვიდა და ხელები საზეიმოდ აღმართა - "მე აღფრთოვანებული ვარ. მეგონა, რომ ეს ნამდვილად არ მჭირდებოდა ცხოვრებაში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, ნადვილად მჭირდება ცხოვრებაში", - განუცხადა დუაიტმა Blue Origin-ის ინტერვიუერს დაშვების შემდეგ. ის თითქმის 91 წლისაა და ამ დროისთვის, ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.

მგზავრები Blue Origin-ის კოსმოსური ტურიზმის ფასიანი მომხმარებლები იყვნენ, თუმცა, დუაიტის ადგილს კოსმოსზე ორიენტირებული არაკომერციული კერძო ფონდი აფინანსებდა. Blue Origin-მა არ გაამჟღავნა, რამდენი გადაიხადეს მომხმარებლებმა.

აღსანიშნავია, რომ New Shepard, რომელიც Blue Origin-ის ერთადერთი აქტიური რაკეტაა, 2022 წლის სექტემბერში, უეკიპაჟო კვლევითი მისიის დროს წარუმატებლად დაეშვა. კომპანიამ რაკეტის ძრავის საქშენის სტრუქტურული გაუმართაობა დაადგინა და სამეცნიერო ექსპერიმენტით აღჭურვილი კაფსულის გაშვება შეაჩერა.

აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ, რომელიც უსაფრთხოებას და კომერციულ რაკეტებს ზედამხედველობს, Blue Origin-ის დასკვნა შეისწავლა და კომპანიას მოსთხოვა გაეტარებინა 21 მაკორექტირებელი ქმედება, მათ შორის ძრავის რედიზაინი და "ორგანიზაციული ცვლილებები".

New Shepard ფრენას 2023 წლის დეკემბერში კვლავ, უეკიპაჟო მისიით დაუბრუნდა და კოსმოსის კიდემდე 33 სამეცნიერო და კვლევითი ტვირთი გადაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ New Shepard ტურისტული ფრენის მისიას დაუბრუნდა, კომპანიაში სხვა პრიორიტეტებიც აქტუალური რჩება, მათ შორის, Blue Origin-ის ბევრად უფრო დიდი რაკეტის New Glenn-ის დებიუტის საკითხი. ის მრავალჯერადი გამოყენების, ტვირთამწე რაკეტაა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ SpaceX-ის Falcon 9-ს კონკურენცია გაუწიოს კომერციული და სამთავრობო თანამგზავრების დედამიწის ორბიტაზე და მის ფარგლებს გარეთ გატანაში.

New Glenn-ისა და მისი BE-4 ძრავების შემუშავება წლების განმავლობაში შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა, ახლა, Blue Origin მის სადებიუტო გაშვებას წლის ბოლოს ფლორიდიდან გეგმავს.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით