logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

10-ზე მეტი სანერგე მცენარეებს სალიკვიდაციო ფასად გაყიდის - საქველმოქმედო აქცია ბავშვების მხარდასაჭერად

საქართველოში მოქმედი სანერგეების ნაწილი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად გაერთიანდა.

„მოდუს გარდენისა“ და კომპანია  ,,ქეი ემ გრუპის" ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, 10-ზე მეტი სანერგე თავის მცენარეებს სალიკვიდაციო ფასად გაყიდის.

როგორც საქართველოს რადიოს პირდაპირ ეთერში, რუბრიკა "ბიზნესპარტნიორის" ფარგლებში თამარა კვიციანმა - „მოდუს გარდენის“ პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა განაცხადა, საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების ფონდში.

„საქველმოქმედო აქცია ჩატარდება ჩვენს სივრცეში, კვირა დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე პერიოდში, აღმაშენებლის ხეივნის 119 ნომერში. წარმოდგენილი იქნება 10-ზე მეტი სხვადასხვა სანერგის მრავალფეროვანი მცენარეები, რომლებსაც არ ექნებათ სტანდარტული ფასი. მაგალითისთვის, ნეკერჩხლის საბაზრო ღირებულება თუ შეადგენს 300 ლარს, ამ დღეს გაიყიდება 100 ლარად, ან უფრო ნაკლებად იმიტომ, რომ გვინდა, საზოგადოების აქტივობა იყოს მაღალი და დიდი თანხა შემოვიდეს ბავშვების დასახმარებლად“, - აღნიშნა „მოდუს გარდენის“ პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა.

მისივე განმარტებით, საქველმოქმედო აქციაზე დასწრება არის სრულიად თავისუფალი.

„ღონისძიებას დაესწრებიან დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების ფონდის წარმომადგენლებიც. ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ არ იყოს ეს ერთჯერადი ხასიათის აქცია. შემდგომშიც, თითოეული გაყიდული მცენარიდან, გარკვეული თანხა გადაირიცხება ამ ბავშვების დასახმარებლად“, - განმარტა თამარა კვიციანმა.

შეგახსენებთ, სხვადასხვა ინკლუზიური და სოციალური პროექტის განხორციელების მიზნით, „ქეი ემ გრუპსა“ და „მოდუს გარდენს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2 თვის წინ გაფორმდა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიები თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - როგორც ინოვაციური პროექტების განვითარების, ისე ბიზნესპროცესების გაუმჯობესებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის კუთხით.

გამოგვყევით