logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"2030 წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა 25%-ით უნდა შემცირდეს" - დავით მესხიშვილი

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია 2028 წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის ეტაპობრივად შემცირებას ითვალისწინებს, ხოლო 2030 წლისთვის დღევანდელ ნიშნულთან შედარებით 25%-იანი კლება უნდა დაფიქსირდეს.

როგორც დავით მესხიშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, გზებზე დაღუპულთა რაოდენობის ნულამდე დაყვანა რეალურია.

"საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სტრატეგია 2026-2030 წლებს მოიცავს - მის ფარგლებში ყოველწლიურად შესაბამისი სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს. სტრატეგიის მიზანია საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის ეტაპობრივი შემცირება. მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევებს ყოველწლიურად დაახლოებით 1.2 მლნ ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამ მხრივ, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მაჩვენებლით გამოირჩევა. სტრატეგიით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება მიმართული უნდა იყოს, პირველ რიგში, საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შემცირებისკენ, შემდეგ კი განულებაზე. განვითარებული ქვეყნები უკვე ე.წ. ნულოვანი სიკვდილიანობის პრინციპით მუშაობენ, რომლის მიზანიც გზებზე ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის სრულად აღმოფხვრაა. ამასთან, გზებზე დაღუპულთა რაოდენობის ნულამდე დაყვანა არარეალური არ არის", - აცხადებს დავით მესხიშვილი.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას განმარტავს, რომ პირველ რიგში, სასკოლო ზონების საკითხია მოსაგვარებელი.

"რამდენიმე მიმართულება გვაქვს რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. პირველ რიგში, ესაა სასკოლო ზონების საკითხი. სასკოლო ზონა ნიშნავს არეალს, სადაც განსაკუთრებული წესები მოქმედებს და რომელთა უგულებელყოფა  მკაცრად უნდა ისჯებოდეს, რადგან საფრთხე ბავშვებს ეხება. პრიორიტეტულ მიმართულებად გამოჩნდა ე.წ. შავი წერტილები (გზის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც დაღუპულებისა დაშავებულების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე გზის სხვა მონაკვეთებზე). ამასთან, საგზაო ინფრასტრუქტურა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოწესრიგდეს", - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

ცნობისთვის, საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია 2026–2030 წლების სამოქმედო გეგმას მოიცავს. ამჟამად, დოკუმენტზე საქართველოს მთავრობა მუშაობს. სტრატეგიის მიზანია საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება. დოკუმენტი ინფრასტრუქტურის, კონტროლის, ქცევის ცვლილებისა და სწრაფი რეაგირების მიმართულებით სისტემურ მიდგომას ითვალისწინებს.

ეკონომიკა

გამოგვყევით