logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ახალი ვაგონები შეძენილია, ჯამში 111 ახალი ვაგონი მეტროს სერვისს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს" - გიორგი ტყემალაძე

თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის ცნობით, თბილისში მეტროს მოდერნიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

როგორც გიორგი ტყემალაძე გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" განმარტავს, შეძენილია ახალი ვაგონები, რომელთა შემოყვანა წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაიწყება. მისი თქმით, ჯამში 111 ახალი ვაგონი მეტროს სერვისს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

"ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს მოდერნიზაცია - როგორც ვაგონების განახლება, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. შეძენილი გვაქვს ახალი ვაგონები და წლის ბოლომდე მათი შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება. ჯამში 111 ახალი ვაგონი მეტროს სერვისს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად ვმუშაობთ - მომავალ წელს დაახლოებით 12 მეტროსადგურის რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია განხორციელდება. გარდა ამისა, ვმუშაობთ მეტროს ახალი ამოსასვლელების მოწყობაზე გარკვეულ სადგურებში და ორი ახალი მეტროსადგურის გაჩენაზე - ერთი ვარკეთილის, მეორე კი გლდანის მიმართულებით. გვინდა უკვე არსებულ ხაზებს თითო-თითო ხაზი დაემატოს ", - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

თბილისის ვიცე-მერი ავტობუსების განახლებაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მომავალი წლისთვის დამატებით 200 ერთეული ავტობუსის შეძენის პროცედურები უკვე დაწყებულია.

"როგორც იცით, ქალაქში უკვე 1000-ზე მეტი ახალი 18-მეტრიანი, 12-მეტრიანი და 8-მეტრიანი ავტობუსია. მომავალი წლისთვის, უკვე დაწყებული გვაქვს პროცედურები დამატებით 200 ერთეული ავტობუსის შესაძენად, რათა ქალაქში არსებული მოთხოვნა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. აქცენტი 8-მეტრიან ავტობუსებზე კეთდება. ამასთან, წელს უკვე შევიძინეთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი.

ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი იყოს, რათა ადამიანს ჰქონდეს არჩევანი და ავტომობილის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა უფრო მიმზიდველი გახდეს", - ამბობს გიორგი ტყემალაძე.

გამოგვყევით