logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ბოლო 10 წელში, დაახლოებით 6 500 ჰექტარამდე ტყის მასივი გადაიწვა" - დათა კობახიძე

ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის, დათა კობახიძის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 6 500 ჰექტარამდე ტყის მასივია გადამწვარი.

როგორც დათა კობახიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, სტატისტიკის მიხედვით განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამცხე ჯავახეთში გაჩენილი ხანძრების მასშტაბები.

"ზოგადად, მაღალი ტემპერატურებისა და გვალვიანი დღეების პირობებში, თითოეულმა ხანძარმა და კერამ შეიძლება ძალიან დიდი მასშტაბის შედეგები გამოიწვიოს. ჩვენთვის მთავარია, პრევენცია თავიდანვე შევძლოთ, განსაკუთრებით მაღალი რისკის უბნებზე. თუ სად არის ყველაზე მაღალი რისკის ზონები ინფორმაცია გვაქვს. მაღალი რისკის უბნებად მიიჩნევა ის რეგიონები, სადაც ნალექი ნაკლებია და მშრალი პირობებია. ასევე, მცენარეული საფარის კუთხით, განსაკუთრებით წიწვოვანი ტყეებია მაღალი რისკის შემცველი. აღნიშნული კუთხით სამცხე ჯავახეთი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წელს წარმოადგენს. არ ვიცით აგვისტოს თვეში რას უნდა ველოდეთ - ყოველთვის ვცდილობთ ხანძრის კერა არ ჩაისახოს", - აღნიშნავს სფეროს წარმომადგენელი.

დათა კობახიძე სანქციების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ შედარებით მსუბუქ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 300-დან 500 ლარამდეა.

"მოსახლეობამ ცეცხლი არ უნდა დაანთოს იმ ადგილზე, რომელიც სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი არ არის. ასევე, ცეცხლის დანთების ადგილი ადვილად აალებადი მასალების არ უნდა იყოს, მათ შორის: წიწვოვანი ხეების, ბუჩქებისა და ფოთლების სიახლოვეს. რაც შეეხება სანქციებს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი მიზანი პრევენციაა და ხშირ შემთხვევაში, ამ მიმართულებით სანქციები ეფექტურია. შედარებით მსუბუქ შემთხვევაში, სანქცია ჯარიმას ითვალისწინებს - ხშირ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 300-დან 500 ლარამდეა. ხოლო თუ დაუდევრობის შედეგად ტყის ხანძარი გაჩნდა, ამ დროს შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს", - ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.

გამოგვყევით