logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

₾84 მლნ-ის ღირებულების პროექტები, რევიტალიზაცია, ტურიზმი და გამოწვევები - ინტერვიუ ტყიბულის მერთან

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარებას უკავშირდება. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, წელს ქალაქში ტურისტების ზრდა ფიქსირდება, რაც ერთმნიშვნელოვნად მუნიციპალიტეტის რევიტალიზაციის პროცესს უკავშირდება.

აღნიშნული ტენდენციების უკეთ გასაცნობად, "ბიზნესპარტნიორი" ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ჩერქეზიშვილის დაუკავშირდა, რომელიც მიმდინარე აქტუალურ თემებზე საუბრობს. კერძოდ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ქალაქში არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავს, მათ შორისაა: ვიზიტორებისა და ტურისტული ობიექტების რაოდენობა, ადგილობრივი დამსვენებლების აქტიურობა, ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული საკითხები, მიმდინარე გამოწვევები ა.შ. 

- ბატონო დავით, ჩემი პირველი კითხვა ტურიზმის სექტორს ეხება - კერძოდ, მუნიციპალიტეტში ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა, თუ შემცირდა? ამასთან, რომ გვითხრათ მუნიციპალიტეტში დამსვენებლები ძირითადად, რა მიზნით ჩამოდიან?

- ქალაქში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია. ვფიქრობ, მიმდინარე ტენდენცია ტყიბულში რევიტალიზაციის პროცესს უკავშირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტენდენციაა - რეგიონის ფარგლებში შიდა ტურიზმის ზრდა, რაც მუნიციპალიტეტის გეოგრაფიულ უპირატესობასა და კულტურული მემკვიდრეობის გამოკვეთილ პოპულარიზაციასთანაა დაკავშირებული.

მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შექმნამ, ადგილობრივი ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების დაორგანიზებამ ქალაქის ცნობადობა, როგორც შიდა, ისე უცხოელი ვიზიტორებისათვის მნიშვნელოვნად გაზარდა. ეს ყველაფერი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე პირდაპირ აისახება და მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობს.

- უფრო კონკრეტულად, რომ გვითხრათ - მუნიციპალიტეტში ძირითადად ვიზიტორები, რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან?

- რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტორების საკითხს, მუნიციპალიტეტში ძირითადად სლავები, უკრაინელები, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები, ებრაელები და ევროპის, სხვადასხვა, ქვეყნის მცხოვრებლები ჩამოდიან.

- ტყიბულის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების შესახებ რას გვეტყვით, მაგალითად, საოჯახო სასტუმროებისა და  მარნების სექტორი  წინა წელთან შედარებით, რა ტენდენციით ვითარდება?

- მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომ მცირე საოჯახო სასტუმროები და ე.წ. გესტჰაუსები, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში მომრავლდა. ამჟამად, მუნიციპალიტეტში მინიმუმ 8–10 სასტუმრო და საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტი მოქმედებს, მათ შორის: "მეთა", "სიხარული", "ანა", "ქორენა", "აგატი", "გელათი" და რამდენიმე ე.წ. გესტჰაუსი საწირესა და გელათში.

გარდა ამისა, კერძო ინვესტიციებით იგეგმება ქალაქის ცენტრში თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მოწყობა მრავალფუნქციური კომერციული ცენტრის შემადგენლობაში. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის მოცულობა 1.5 მილიონ ლარზე მეტია.

- შეგიძლიათ, ქალაქში არსებულ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე გვესაუბროთ და სურათი სრულად დახატოთ? მაგალითად, რა მიმართულებაა ამჟამად, მუნიციპალიტეტში პრიორიტეტული?

რა თქმა უნდა, ახალი რეკრეაციული სივრცეების, სკვერების, განათლებისა და სპორტული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მაგალითად, მუნიციპალიტეტში ბოლო 2 წელში ₾84 მლნ-ზე  მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. უფრო დეტალურად, რომ გითხრათ:

  • საჯარო სექტორის ინვესტიციები – ამჟამად,  მიმდინარეობს მუნიციპალური ბიბლიოთეკის, ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლის მოწყობა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფასადისა და  ამფითეატრის რეაბილიტაცია.
  • კერძო სექტორის ინვესტიციები – ქალაქის ცენტრში სასტუმროს შენობის სრული რენოვაცია და მრავალფუნქციური კომერციული ცენტრის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო, ქართული და ევროპული რესტორანი, სპორტული და დასვენების ზონა, სავაჭრო სივრცეები განთავსდება. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის მოცულობა 1.5 მილიონ ლარზე მეტია.
  • ტყიბულის წყალსაცავის კუნძულების პრივატიზაცია და განვითარება – დაგეგმილია დაახლოებით, 8 მილიონი ლარის ინვესტიცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
  • ცუცხვათის მღვიმის ხელმისაწვდომობის პროექტი – 200 000 ლარის ინვესტიციით მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა.
  • ასევე აქტიურ რეჟიმშია ყოფილი სამრეწველო ტერიტორიების ინდუსტრიულ ზონებად გარდაქმნის გეგმების დამუშავება. ტყიბულის შემოსასვლელში, ტყვარჩელის ქუჩის დასაწყისში საწარმოო-ეკონომიკური ზონა იქმნება, სადაც პირველ ეტაპზე ექვსი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას და 350 სამუშაო ადგილი გვექნება

- რაც შეეხება წყალმომარაგების, გზების  მიმართულებას,  როგორი სურათი გაქვთ - ახლა რა პროექტებზე მუშაობთ და რამდენია საინვესტიციო ღირებულება?

- ქალაქში ცენტრალური და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება დასრულებულია, ასევე სოფლებში მისასვლელი გზების.

რაც შეეხება წყალმომარაგებას, ქალაქში 24 საათიანი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ტყიბულში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. ამჟამად, მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც დასრულებულია რამდენიმე ქუჩებზე, რის შედეგადაც 16 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს  სასმელი წყალი  24 საათიან რეჟიმში მიეწოდება.

პარალელურად ხორციელდება რეზერვუარების, ორი სატუმბი სადგურისა და  წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ასევე, გურნის ადმინისტრაციული ერთეულის წყალმომარაგების პროექტი ხორციელდება, რომელიც  6 სოფელში (კითხიჯი, ანტორია, ბობოთი, ნაძვა, კორეეთი, ციახია) შიდა ქსელის მოწყობას და მოსახლეობის აბონირებას ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის წყლის მიწოდების  პრობლემის სრული გადაწყვეტა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ საკითხად რჩება. სწორედ ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან,  რათა მომდევნო წლებში წყალმომარაგების სისტემის სრულფასოვანი მოდერნიზაცია შესაძლებელი გახდეს

- და ბოლოს, ბატონო დავით, გამოწვევების შესახებ, რომ გვესაუბროთ, ამჟამად, ტყიბულის მუნიციპალიტეტი რა წინაღობების წინაშე დგას? რა არის გასაკეთებელი და სად ხედავთ გამოსავალს?

- საინტერესო კითხვაა და პირდაპირ გეტყვით:  ახალგაზრდების მიგრაცია ადგილობრივ ბაზარზე კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების დეფიციტს ქმნის. საქართველოში მიგრაციის ტენდენცია, ზოგადად, მზარდია და ტყიბულზეც აისახება. მინდა გითხრათ, რომ საჯარო, ისე კერძო სექტორის მიმართულებით გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები არსებობს - მუნიციპალიტეტი დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს, რომ პრობლემის ეტაპობრივად გადაჭრა შევძლოთ.

გამოსავალს რაც შეეხება, სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, სოციალურ სტაბილურობას და მდგრად განვითარებას ხელს შეუწყობს.

გამოგვყევით