logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"საქართველოს ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ცალსახად აქვს" - გიორგი მარიამიძე

ციფრული განათლების კოლეჯის Skillwill Georgia-ს დამფუძნებლის, გიორგი მარიამიძის ინფორმაციით, საქართველოს ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ცალსახად აქვს. ამის შესახებ გიორგი მარიამიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

Skillwill Georgia-ს დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ 2020 წლის ბოლოს საქართველოში აღნიშნულ სფეროში, სულ რაღაც 4 000-5 000 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს კი თითქმის 50 000-მდეა გაზრდილი.

"რეგიონებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული ყოველთვის გვქონდა. ჩვენი ფილოსოფიის ერთ-ერთი ნაწილი არა მხოლოდ დედაქალაქი იყო, ამიტომ ძალიან ვამაყობთ, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით, ბათუმში პირველი ნაბიჯი გადავდგით. აღნიშნული ქალაქი საინტერესო ბაზარია, გვყავს ახალგაზრდობა, რომელიც ტექნიკური მიმართულებითაა დაინტერესებული. გვჯერა, რომ ბათუმს თავის პოტენციალი აქვს, რომ ტექნოლოგიური მიმართულების ჰაბის სახე მიიღოს. ბათუმით არ ვჩერდები, თბილისში შეტანილი გვაქვს დოკუმენტაცია, კოლეჯი გვექნება, რომელიც უფრო მასშტაბური იქნება, კერძოდ, 2 000-მდე ახალგაზრდას სწავლის საშუალება ექნება. ძირითადად, ჩვენი აქცენტები ტექნოლოგიურ მიმართულებაზეა... შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა საუკეთესოა! ასევე, დასაქმება სუპერ მნიშვნელოვანია - თამამად ვამბობთ, რომ დასაქმება მთავარი პრიორიტეტია", - აღნიშნავს გიორგი მარიამიძე.

Skillwill Georgia-ს დამფუძნებლის ცნობით, ქვეყანაში ტექნოლოგიური მიმართულებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია.

"3 ძირითადი მიმართულება გვაქვს: დასაქმება, ინფრასტრუქტურა და თუ როგორ  ვასწავლით. ჩვენი მიდგომაა - ნაკლები თეორია და მეტი პრაქტიკა! გადავწყვიტეთ, რომ დამატებითი გადასახადი არ გვქონდეს, ანუ ჩვენთან სწავლა შეუძლია, სკოლის საშუალო განათლების მქონე ნებისმიერ პირს. ახლა სწავლის სურვილი თითქმის 5 000-მდე ადამიანმა გამოთქვა.  უკვე კონკრეტული შედეგები გვაქვს, რაც სახელმწიფოს მხარდაჭერითაა გამოწვეული. არ უნდა გავჩერდეთ და მუშაობა გავაგრძელოთ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პოტენციალი გვაქვს", - გიორგი მარიამიძე.

გამოგვყევით