პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებიდან 8 თვე გავიდა, რომელიც პირდაპირი მარკეტინგის მიმართულებით ახალ რეგულაციას ითვალისწინებდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტატისტიკით, ამ დროის მანძილზე გამოვლინდა 150-მდე სამართალდარღვევის ფაქტი, რა დროსაც კომპანიები ნებართვის გარეშე ან უარის მიუხედავად მოქალაქეებს სარეკლამო შეტყობინებებს მაინც უგზავნიდნენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებული სტატისტიკით, მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, დაფიქსირდა სამართალდარღვევის 143 ფაქტი, აქედან 91 იურიდიულ ხოლო 3 ფიზიკურ პირს ეკუთვნის. გაფრხილება გაიცა 4 შემთხვევაში, ხოლო დაჯარიმებულთა რაოდენობა 139-ს შეადგენს, რაც 283 000 ლარამდეა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხევდელობის დეპარტამენეტის უფროსი არჩილ ჯაველიძე “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ 1 მარტიდან ათასობით მოქალაქე მიმართავდა სამსახურს და უთითებდა, რომ მათ მობილურ ტელეფონზე მიიღეს შეტყობინებები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, რომელთა მომსახურებითაც არ უსარგებლიათ და მათ შორის არც თანხმობა განუცხადებიათ.
“100-მდე ორგანიზაცია შევამოწმეთ და სხვადასხვა სახის პრობლემა გამოიკვეთა. ასევე გამოვავლინეთ ისეთი ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროცესში, რომლებიც შუამავალ კომპანიებს წარმოადგენენ და მონაცემების დამმუშავებლებს ეხმარებიან, რომ მათი სახელით მოხდეს შეტყობინებების დაგზავნა. სანქციების ნაწილში კანონი ასევე უფრო მკაცრ რეგულაციას აწესებს. მათ შორის, გააჩნია ორგანიზაციის ბრუნვას, ჯარიმა შეიძლება იყოს 2000-დან 3000-მდე ან გაფრთხილება.
სამსახურმა სხვადასხვა შემთხვევაში გამოიყენა სხვადასხვა სანქცია, მათ შორის ახალი კანონით მოქმედებს შეჯამების პრინციპი, რომლის გათვალისწინებითაც ზოგიერთ კომპანიას დაუჯამდა სამართალდარღვევების ნაწილში სანქცია და შესაბამისად, მათი გამოყენება ორგანიზაციების წინააღმდეგ მოხდა .”- ამბობს არჩილ ჯაველიძე.
შეგახსენებთ, რომ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, კომპანიებს მოქალაქეებისთვის სარეკლამო შეტყობინებების უნებართვოდ გაგზავნა 1 მარტიდან შეეზღუდათ, ეს ეხება როგორც მობილურ ტელეფონზე გაგზავნილ სარეკლამო SMS-ებს, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებებს.