თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 10 000-მდე ბინაა, რომელიც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხს წარმოადგენს და აღნიშნული რიცხვი შესაძლოა ყოველდღიურად გაიზარდოს. განსაკუთრებით რთულია მოსახლესთან მოლაპარაკება, რადგან განცდა აქვთ, რომ პროცესში სახელმწიფო კი არა, კერძო დეველოპერი მონაწილეობს, - ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა თამაზ ალიბეგაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 100%-იანი თანხმობის გარეშე შეუძლებელია ხალხი შენობიდან გამოიყვანო, რადგან ეს საკუთრების უფლების დარღვევაა.
"ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წლიდან ამოქმედდა. მას შემდეგ ამის აღსრულება თბილისის განვითარების ფონდს დაევალა. წლევანდელი ბიუჯეტი 25 მლნ ლარამდეა, თუმცა თანხები მზარდია. აქტიურად ვმუშაობთ და დღეის მდგომარეობით, 4 მისამართზე აქტიურად ვმუშაობთ 1 მისამართი უკვე დასრულებული და გადაცემულია. გარდა ამისა, 2 მისამართზე სამშენებლო ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წლის ბოლომდე კიდევ ვფიქრობთ, რომ 5 მისამართი კიდევ გამოვაცხადოთ. საკმაოდ დიდი მასშტაბია. ჩვენ ჩანაცვლების პროგრამაში ვახორციელებთ უშუალოდ საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფას. დამატებითი ფართის, სხვენის, ავტოფარეხის და ა.შ. - ამ ფართების დაკმაყოფილება ვერ ხდება. აქცენტს საცხოვრებელ ფართზე ვაკეთებთ.
18 მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკების რეჟიმი, რომ უშუალოდ საპროექტოზე გადავიდეთ. საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მოსახლეობას გაცილებით მეტი მოთხოვნები აქვთ. ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ შენობა ავარიულია მოსახლეობას საკუთარი სახლის დატოვება უჭირს", - აცხადებს თამაზ ალიბეგაშვილი.