logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ვიქტორ წილოსანი: ვხედავთ დადებით ტენდენციებს, რომ ავტომობილებზე დამოკიდებულება მცირდება

ვიქტორ წილოსანი: ვხედავთ დადებით ტენდენციებს, რომ ავტომობილებზე დამოკიდებულება მცირდება

1709135340

იმ მარშრუტზე, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები პირველად გაეშვა, მგზავრთა ნაკადი 30%-ით გაიზარდა. ეს მგზავრთნაკადი კი ავტომობილებს მოაკლდა. ვხედავთ დადებით ტენდენციებს, რომ ავტომობილებზე დამოკიდებულება მცირდება - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძემ, ჯამში იმაზე 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი გააკეთა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაკეთებულა. წილოსანის თქმით, მანამდე დედაქალაქს არ ჰქონდა სტრატეგია და არავინ იცოდა, მობილობის მიმართულებით საითკენ მიდიოდა ქალაქი.

„ჩვენ გვაქვს სტრატეგია, ჩვენ შევცვალეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სრულად განვაახლეთ ის. ხშირად იყო ქილიკი, როდესაც ვამბობდით, რომ ევროპაში ყველაზე ახალი ავტოპარკი გვაქვს და ბუნებრივია, რომ გვაქვს. ამას ვერავინ უარყოფს. პლუს ამას, ჩვენ ისტორიაში პირველად, გვყავს 1000-ზე მეტი ავტობუსი ქალაქში, რომელიც დედაქალაქს არასდროს ჰყოლია. ამასთან, ჩვენ ახლა ვართ კრიტიკულ ფაზაში, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აჩქარებას და ესაა "ბასლაინების" ნაწილი, რომელიც მიმდინარე პროცესშია და დაახლოებით 70-75%-მდე არის უკვე დახაზული. ასევე ამ რეფორმის ნაწილია დიდი გაბარიტების ავტომობილების შეზღუდვაც, ასევე ტაქსები, ასევე ზონალურ-საათობრივი პარკირება. თუნდაც პარკირების ჯარიმების გააქტიურება არის ამ პოლიტიკის ნაწილი,“- განაცხადა წილოსანმა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების ქცევაც, რათა მათ გზა დაუთმონ სასწრაფო თუ სახანძრო ავტომობილებს და მანქანები არ გააჩერონ ისეთ ადგილას, სადაც სხვა ავტომობილებს ხედვის არეალს დაუფარავს და მოძრაობას შეუზღუდავს.

წილოსანმა ასევე ისაუბრა საცობების პრობლემაზე და აღნიშნა, რომ მანქანაზე დამოკიდებულებაში, რაც, სამწუხაროდ დამახასიათებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, დადებითი ცვლილებები შეინიშნება.

„საცობი არის ავტომობილზე მაღალი დამოკიდებულების შედეგი. მაგალითისთვის გეტყვით, როცა 18-მეტრიანი ავტობუსები გავუშვით, აღნიშნულ მარშრუტზე 30%-ით გაიზარდა მგზავრთა ნაკადი. ეს მგზავრთნაკადი მოაკლდა ავტომობილებს. ვხედავთ დადებით ტენდენციებს, რომ ავტომობილებზე დამოკიდებულება მცირდება, და მითუმეტეს ახალგაზრდა თაობაში ეს განსაკუთრებით გამოიკვეთება. მადლობა მათ ამისთვის. ისინი ნამდვილად არიან ამ ნაწილში მისაბაძები. დარწმუნებული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს,“- განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ: დღეს თბილისის მერმა განაცხადა, რომ 2 მარტიდან დედაქალაქში ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ სამ მარშრუტზე გაეშვება. მანამდე დიდი ზომის ავტობუსები N 302 ხაზზე გაეშვა. სულ თბილისის მერიამ 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა, თუმცა დედაქალაქში ამდროისთვის 50 ერთეულია შემოყვანილი და მისი გაშვება სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად იგეგმება. ამასთან, იგეგმება კიდევ 40 ასეთი ავტობუსის შეძენა.

გამოგვყევით