logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლის მონაწილეებისთვის გარემოსდაცვით თემებზე ტრენინგები გაიმართა

ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლის მონაწილეებისთვის გარემოსდაცვით თემებზე ტრენინგები გაიმართა

1781517549

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საგანმანათლებლო პლატფორმის „ლინგოსთარის“ ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლის მონაწილეებისთვის ტრენინგები ჩაატარა.

ტრენინგების ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები, გარემოსდაცვითი პოლიტიკა და თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევები. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს გარემოს დაცვის სფეროში არსებული გლობალური პრობლემების, გარემოსდაცვითი სამართლის ძირითადი პრინციპების, საერთაშორისო და ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილებას, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას, მის გავლენას გარემოსა და საზოგადოებაზე, ასევე, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების მნიშვნელობასა და პრაქტიკულ მექანიზმებს.

ტრენინგები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და ემსჯელათ გარემოსდაცვითი პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.

საგანმანათლებლო შეხვედრების დასასრულს, მონაწილეებისთვის გაიმართა გლობალური გარემოსდაცვითი კონფერენციის სიმულაცია. სიმულაციური პროცესის ფარგლებში, ახალგაზრდებმა სხვადასხვა ქვეყნისა და დაინტერესებული მხარის როლი მოირგეს, მონაწილეობა მიიღეს მოლაპარაკებებსა და დებატებში, შეიმუშავეს პოზიციები და ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილებები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. აღნიშნულმა აქტივობამ მათ პრაქტიკულად დაანახა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევის პროცესში.

ტრენინგების მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, კლიმატის ცვლილების საკითხებზე ცოდნის გაღრმავება და მათთვის იმ უნარების განვითარება იყო, რომლებიც მომავალში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებისა და მდგრადი განვითარების პროცესებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას შეუწყობს ხელს.

გამოგვყევით