საქართველო ალოობისთვის ემზადება. უხვი ნალექის გამო, აგროვადები შეიცვალა და ხორბლის მოსავლის აღება 20 ივნისის შემდეგ დაიწყება. ამასთან, პროცესი აქტიურ ფაზაში მომდევნო თვიდან შევა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის,ლევან სილაგავას ინფორმაციით, ხორბლის მოსავლის ასაღებად და დასაბინავებად საქართველოში უკვე შექმნილია შესაბამისი შტაბი. მასში ხორბლის, ფქვილისა და პურის მწარმოებლები არიან გაერთიანებული. რაც შეეხება თავად მოსავლის საპროგნოზო მოცულობას და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანა გასული წლის მსგავსად, წელსაც 200 ათას ტონა ხორბალს აიღებს.
"როგორც წესი ხორბლის მოსავლის მხოლოდ 40 პროცენტია სასურსათო, დანარჩენი კი საფურაჟედ გამოიყენება. უხვი ნალექის გამო, შესაძლოა ეს მაჩვენებელი წელს კიდევ უფრო შემცირდეს და სასურსათოდ ვარგისი ხორბლის რაოდენობამ 40 პროცენტს ვერ მიაღწიოს”,-აღნიშნა ლევან სილაგავამ.
მისივე განმარტებით, წელს ხორბლის ფასი 60 თეთრის ფარგლებში იქნება.
“რუსეთმა ვერ გაყიდა თავისი საპროგნოზო მაჩვენებლის რაოდენობა ირანში და არაბულ ქვეყნებში, ჭარბი რაოდენობაა ხორბლის, რაც ახდენს ფასზე ზეწოლას. დღევანდელი ფასი დაახლოებით 60 თეთრის ფარგლებშია ერთ კილოგრამზე, რაც ფერმერებისთვის არასახარბიელოა, მათივე თქმით, თუმცა ესაა რეალობაა და ჩვენ მსოფლიო ბაზარზე ვართ მიბმული,სხვა მანევრის საშუალება არ გვაქვს,”-აღნიშნა ლევან სილაგავამ.
რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 4 თვეში საქართველოში ხორბლის შესყიდვები გაიზარდა. ქვეყანამ 29 მლნ დოლარის ღირებულების 113 000 ტონაზე მეტი ხორბალი შეიძინა.