ჩვენს ღვინის ექსპორტში ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაახლოებით, 1% უჭირავს, თუმცა ჩვენი საოცნებო ბაზარია, - ამის შესახებ სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხეცურიანმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თუ საქართველო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ბაზრებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ღვინოების შეთავაზებას შეძლებს, ის ყველგან წარმატებული იქნება.
"არსებობს ორი პარალელური სამყარო. ერთი არის ის, რასაც ჩვენ ე.წ. ტრადიციულ ბაზრებს ვეძახით. ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრები, სადაც ნამდვილად იზრდება ექსპორტი, თუმცა უნდა გვესმოდეს ეს რა ბაზრები და რა საფასო სეგმენტია. მეორეა - შედარებით მაღალი საფასო კატეგორიის. მაგალითად, ამერიკის ბაზარი, სადაც ბოთლის საშუალო ფასი 5 დოლარზე მეტია, რაც ძალიან ბევრია. ყველასთვის გასაგებია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტი არის ზღვაში წვეთი იმასთან, რაც არის მთლიანად ქართული ღვინის ექსპორტი. თუ გვინდა, რომ მართლა ძლიერები ვიყოთ არ უნდა მოვატყუოთ ჩვენს თავს. ამერიკის ბაზარი უზარმაზარია და ჩვენი ცნობადობა არ არის ისეთი, როგორიც გვინდა.
ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ყველა იცნობს ქართულ ღვინოს. თუმცა, რა თქმა უნდა, არის წარმატება, ზრდა და ეს ყველაფერი იმედის მომცემია. ბუნებრივი ღვინოების სეგმენტში ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ. ამავდროულად არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ხვალ 10 დოლარი იქნება. ეს წარმოუდგენელი რამ არის. მაგალითად, ფრანგული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3.5 დოლარია. მსოფლიოში ღვინოების 90% 3 დოლარზე ნაკლები ღირს. ჩვენი ღვინის 5 დოლარიანი ღირებულება განპირობებულია ბუნებრივი ღვინოების ნიშით, რომელსაც მეტი ტოლერანტობა აქვს დეფექტების მიმართ", - აცხადებს შალვა ხეცურიანი.
.