logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ბოლნისის ღვინოებმა Orange Wine Festival-ში მიიღეს მონაწილეობა

ბოლნისის ღვინოებმა Orange Wine Festival-ში მიიღეს მონაწილეობა

1763991565

არემჯის და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის’’ წევრმა 8 მცირე მარანმა, 18 ნოემბერს, ავსტრიაში Orange Wine Festival-ში (ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალი) მიიღო მონაწილეობა.

 ფესტივალზე 13 ქვეყნის 104 მარნის 350 დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. მათ შორის იყო 26 ქართული მარანი.

 ფესტივალზე ბოლნისურმა ღვინოემა დიდი მოწონება დაიმსახურეს, როგორც ღვინის საერთაშორისო ექსპერტებში, ასევე სხვა ქვეყნების მონაწილე მარნებსა და ვიზიტორებში.

 “უკვე მეორე წელია, რაც ვენაში, ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალში ბოლნისის ღვინოები იღებენ მონაწილეობას. წელს 8 ბოლნისური მარნის 19 დასახელების ღვინო გავაცანით ფესტივალზე მოსულ სტუმრებს. აღნიშნული ფესტივალი გვაძლევს საშუალებას ევროპელ მომხმარებლებს ადგილზე გავაცნოთ, არა მხოლოდ ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მცირე მარნების პროდუქცია, არამედ მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონი და მისი უნიკალური მახასიათებლები, რაც ვფიქრობთ ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენი ღვინოების ევროპის კონტინენტზე პოპულარიზაციისა და სამომავლოდ მათი რეალიზაციისთვის. ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალზე მონაწილეობა ბოლნისელი მეღვინეებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, უწყვეტი განვითარების გზაზე“. - მათე ტაბაღუა, გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ წევრი.

„ნარინჯისფერი ღვინის ფესტივალი“ 2012 წლიდან ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ავსტრიაში, იტალიასა და სლოვენიაში და  საშუალებას აძლევს ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კანთან კონტაქტით მიღებული ნატურალური ქარვისფერი ღვინოები გაიცნონ.

 ფესტივალში მონაწილეობასთან ერთად, ბოლნისელმა მეღვინეებმა დამატებით დეგუსტაცია გამართეს ავსტრიაში მდებარე ქართულ რესტორანში, სადაც ბოლნისური ღვინოები უკვე იყიდება.

 „მე, როგორც ქართველს, ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენ რესტორანში ბოლნისური ღვინოების პრეზენტაციისთვის გვემასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რესტორნის მენიუში, 2021 წლიდან, გვაქვს ორი ბოლნისური ღვინო - მარბანო და ძმების  მარანი. დეგუსტაციას ესწრებოდნენ როგორც ქართველები, ისე ავსტრიელები და სხვა  ევროპული ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული ღვინის გაცნობითა და დაგემოვნებით. ვიმედოვნებ, ეს აქტივობა ტრადიციულ სახეს მიიღებს და თავის წვლილს შეიტანს ბოლნისური და ზოგადად, ქართული ღვინის ევროპაში პოპულარიზაციის საქმეში“. - გიორგი ქერაშვილი, რესტორან „მოდი 1080-ის“ დამფუძნებელი.

არემჯი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამას მე-7 წელია ახორციელებს. კერძო სექტორის, მუნიციპალიტეტისა და მეღვინეთა გაერთიანების მჭიდრო თანამშრომლობა საუკეთესო ხარისხის ბოლნისური ღვინოების წარმოებას, მათ პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზარზე გატანას უწყობს ხელს.

 

გამოგვყევით