2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა საერთო ჯამში 5.6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, რეზერვების ზრდა წლის დასაწყისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს და პოზიტიური დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება.
"საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების დაგროვებასა და მის ეფექტიან მართვაზე, რაშიც ინვესტირება და დივერსიფიკაცია იგულისხმება. 2025 წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს რეზერვების შევსებას. სებ-ის მიერ განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ოქტომბერშიც საკმაოდ მოცულობითი რეზერვების შესყიდვა მოვახერხეთ.
ამასთან, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა. სწორედ ამ მიზნით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან. საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მზარდია და ოქროს შესყიდვის მომენტიდან ოქროს ფასის ღირებულების ზრდის შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, რეზერვები 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა", - განაცხადა ნათია თურნავამ.