logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ევროპაში ქართულ ღვინოს ახლა ეცნობიან, აქამდე ჩვენს შესახებ მასშტაბურად ინფორმაცია არ ჰქონდათ" - "ველეულა"

რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ ძირაგეულში მდებარე ღვინის მარნის "ველეულასპროექტ მენეჯერის, ნინო მღებრიშვილის ინფორმაციით, საქართველოში აზიის ქვეყნებიდან ბევრი ექსპორტიორი ჩამოდის და ქართული ღვინო უნიკალური გემოსა და ჯიშისგან გამომდინარე ძალიან მოსწონს.

როგორც ნინო მღებრიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ევროპაში ქართულ ღვინოს უცხოელი მომხმარებლები მასშტაბურად ახლა და ახლა ეცნობიან, რადგან აქამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"რა თქმა უნდა, უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს და აზიის ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავებაც შეგვიძლია - 8 000 წლიანი ძველი ისტორია, უნიკალური ჯიშები, "რქაწითელი", "საფერავი", თუნდაც დასავლეთის ჯიშებს, მაგალითად, "ცოლიკაურს", "ალექსანდროულს" უნიკალური გემოვნური მახასიათებელი აქვს. ამასთან, პოტენციურმა მყიდველმა ყურძნის მოვლაში რა შრომასაც ვდებთ, ჩვენი დიდი ხნის ისტორია უნდა იცოდეს, მაგალითად, ევროპაში ახლა და ახლა ეცნობიან ქართულ ღვინოს, აქამდე მასშტაბურად, ბევრმა მომხმარებელმა ჩვენს შესახებ არ იცოდა. შემიძლია გითხრათ, რომ პროდუქტი ძალიან მოსწონთ, საქართველოში გამოფენებზე და ფესტივალებზე ხშირად ჩამოდიან. უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე ვიყენებთ", - აცხადებს ნინო მღებრიშვილი.

"ველეულას" წარმომადგენელი გამოწვევების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მცირე მარნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ ფესტივალებზე წარმოდგენილნი უფრო აქტიურად იყვნენ.

"მსოფლიოში ღვინის ექსპორტის კუთხით დიდი კონკურენციაა, ამიტომ ქართულ ღვინოს მკვეთრი მარკეტინგული ჩართულობა სჭირდება, რომ უცხოელ მომხმარებლამდე ინფორმაცია სწორად მივიდეს. ასევე, მცირე მარნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ ფესტივალებზე წარმოდგენილი უფრო აქტიურად იყვნენ, რადგან მათი ღვინო უფრო ნიშური და განსხვავებულია, უნიკალური გემოვნური თვისებები გაცილებით შენარჩუნებული აქვთ. მეტი ხელშეწყობაა საჭირო, რადგან მათთვის თუნდაც ევროპის გამოფენაზე მონაწილეობა ძალიან ძვირი ჯდება", - აცხადებს ნინო მღებრიშვილი.

მარნის პროექტ მენეჯერის თქმით, "ველეულა" წელიწადში დაახლოებით, 10 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს. რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის ღვინო ამჟამად, უცხოეთში არ გადის.

"ადგილწარმოშობის ღვინოს ხვანჭკარას ვამზადებთ, ასევე გვაქვს: "ალექსანდროული", "ძელშავი" რაჭული "თეთრა", "საფერავი" და "ცოლიკაური". წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა, რასაც კმაყოფილ მომხმარებლებს ვუკავშირებ. ზოგადად ჭრილში კი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები წარმოებაზე ძალიან მოქმედებს. გაყიდვების კუთხით, ძირითადი მომხმარებლების წილი მაინც თბილისზე მოდის.

ახალგაზრდა მეღვინე გვყავს, რომელიც ყოველთვის ახალი გემოს ძიებაშია. ჩვენთან ერთ-ერთ ყველაზე ტოპ გაყიდვად ღვინოდ "ვერ ველევი" ითვლება, რომელიც საქართველოს 3 რეგიონის, 3 ჯიშის ყურძნისგან მზადდება ("რაჭული მწვანე", "იმერული ცოლიკაური" და "კახური რქაწითელი").  ასორტიმენტის გაზრდას მუდმივად ვცდილობთ, სულ ახლახან რაჭული თეთრას და მწვანეს ნაზავი ჩამოვასხით, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება განსხვავებული არომატის გამო დაიმსახურა.

პროდუქციას სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად ვყიდით. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე 8 000-ს მოსავალში და სხვადასხვა, ღვინის სპეციფიკურ მაღაზიებში ვართ წარმოდგენილი. ქსელურ მარკეტებში ნაკლებად შეძლებთ ჩვენს ნახვას, მაგალითად, "სპარში" სულ რამდენიმე პოზიციაზე ვართ", - აცხადებს მარნის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ღვინის მარანი "ველეულა" რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ ძირაგეულში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. ტურისტულ ობიექტს საკუთარი ვენახები გაშენებული ძირაგეულში და საკეციაში აქვს, რომლის ფართობი 2 ჰექტარს მოიცავს.

გამოგვყევით