გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, რომ გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის ერთ-ერთი მიზანი ქართული გასტრონომიის სისტემური განვითარებაა.
მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ტრადიციული პროდუქტების დაცვა, პოპულარიზაცია და მათი მენიუებში გამოჩენა.
"ეროვნული გასტრონომია სულ სხვა ყურადღებას მოითხოვს მას სჭირდება დაცვა, განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტი პოზიციონირება. ეს მხოლოდ კულინარია არ არის - არანაკლებ მნიშვნელოვანია მასთან დაკავშირებული ადათ-წესები ტრადიციები და მისი პოზიციონირება. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბების საკითხი გარკვეული კითხვები დაიბადა საზოგადოებაში და მინდა მარტივად დავანახო საზოგადოებას ეს საკითხი.
"შუშველა", "რძითავი", "წყალდასხმულა", "მეგრული გუდის ყველი", "ნარჩვი", "შავკუჭა ლობიო" და ჩამონათვალი ძალიან დიდია. ეს ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, რომ ბევრის შესახებ საზოგადოებაში ინფორმაცია არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ გასტრონომიული პროდუქტის ხელმისაწვდომობის ზრდა, რითაც ადგილობრივ მომხმარებლებს დავაკმაყოფილებთ და შემდეგ რა თქმა უნდა უფრო მეტ ტურიზმს მოვიზიდავთ. გაეროს ტურიზმის ასოციაციის სტატისტიკა არსებობს, რომ საერთაშორისო ტურისტების 40%-ის თვითმიზანი არის კულინარიის და მასთან დაკავშირებულია ადათ-წესების გაცნობა. შესაბამისად, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომელსაც ვიყენებთ და კიდევ ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი, რომ კიდევ უფრო მეტი ტურიზმი მოვიზიდოთ, შევქმნათ ჩვენი თანამედროვე გასტრონომიული კატალოგი/რეესტრი და დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ.
სააგენტოს ფუნქცია მოვალეობებში აღსანიშნავია პირველ რიგში სამართლებრივი ბაზის შექმნა. ადგილწარმოშობა, გეოგრაფიული აღნიშვნა, ხარისხის ნიშნები კონკრეტული გასტრონომიული პროდუქტის დაცვას განაპირობებს. სააგენტოს მიზანია ამ საკითხების წინ წამოწევა და კვლევების უზრუნველყოფა, რომელიც დაგვეხმარება აღმოვაჩინოთ ახალი მარგალიტები და შემდეგ შევქმნათ ე.წ. რეესტრი. პოპულარიზაციამდე მნიშვნელოვანია მათი პრაქტიკული დანიშნულებით გამოყენების დანერგვა, მათ შორის, მათი მენიუებში გაჩენა. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ იქნება საფრთხე, რომ ბიზნეს სუბიექტი იქნება ეს თუ, სხვა ქვეყანა დაამახინჯებს და შეცვლის ამათუ იმ პროდუქტის ისტორიას.
კერძო სექტორთან თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო უნდა იყოს, რადგან ეს მათი პროდუქტი უნდა გახდეს. ნიშური პროდუქტების პოპულარიზაცია იწვევს ადგილობრივი წარმოების წახალისებას და შემდგომ აუცილებელია ადგილობრივი მწარმოებლის და მომხმარებლის დაკავშირება, რომელიც მრავალი გზით არის შესაძლებელი", - აცხადებს ლაშა ავალიანი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის. შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.