ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ფიქრობს, რომ 2027 წელს სახელმწიფოს რთველში ჩარევა ისევ მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი სუბსიდირების პროგრამიდან ტექნიკურად უკვე გამოსულია.
მისი თქმით, რთველის პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობის სრულად შეწყვეტის ვადებზე საუბარი რთულია.
"პირდაპირი სუბსიდირებიდან ტექნიკურად გამოსული ვართ. ვფიქრობ, 2027 წელსაც სახელმწიფოს მოუწევს რთველში ჩარევა. სრულად როდის მოხდება პროგრამიდან გამოსვლა, ეს ბევრ ობიექტურ ფაქტორთან არის დაკავშირებული. საერთაშორისო ბაზარზე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ცოტა მიჭირს პირდაპირი პასუხის გაცემა", - განაცხადა ლევან მეხუზლამ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
მეხუზლა აღნიშნავს, რომ ღვინის გლობალურ ბაზარზე მდგომარეობა შემაშფოთებელია.
"ზოგადად გლობალურ ბაზარზე მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია. წლიდან წლამდე, გლობალურად მცირდება ღვინის ბაზარი. ჩინეთში 2017 წელს ღვინის იმპორტის პიკი იყო, მას მერე ბაზარი 71%-ით არის შემცირებული. 2017 წლის შემდეგ, ჩინეთის ბაზარზე ღვინის იმპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 13%-ით იკლებს", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ცდილობს, შეინარჩუნოს საკუთარი პოზიციები. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიშური ბაზრების ათვისება და ქართული ღვინის განსხვავებული მახასიათებლების წარმოჩენა.
"ჩვენ უნდა შევარჩიოთ სწორი ნიშა. ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანი იქ, სადაც მასშტაბის ეკონომიურობაა მთავარი. ჩვენი სიძლიერე განსხვავებულობა და ნიშურობაა. ჩვენი პოზიციები უნდა დავიცვათ", - აღნიშნა მეხუზლამ.
მეხუზლას განცხადებით, ჩინეთის მიმართულებით მიმდინარე შემოდგომაზე აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები იგეგმება. მისივე შეფასებით, ქართული ღვინო გლობალურ ბაზარზე არსებულ რთულ ვითარებაში პოზიციების შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად ახერხებს.