„მკისამ“ ნუშის რთველი წარმატებულად ჩაატარა. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, პირველი მოსავლის მოცულობა 8 ტონამდე იყო.
„პირველი მოსავლის აღება სექტემბერში დავასრულეთ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ წარმატებულად ჩავატარეთ რთველი და დავასაწყობეთ პროდუქტი. ცოტა ხნის წინ გერმანიაში უდიდეს გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და რამდენიმე პოტენციურ მყიდველს ვესაუბრებით. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებთ პირველი ექსპორტის განხორციელებას. გამოფენაზე დაახლოებით ასამდე პოტენციურ მყიდველს შევხვდით და რომელთან მივალთ ხელშეკრულების ფაზაზე ეს ჯერჯერობით რთული სათქმელია. გერმანია კვიპროსი, პოლონეთი ძირითადი მოთამაშეები არიან ესენი, რომლებიც დაინტესებულები არიან პროდუქციის შეძენით.“- აღნიშნა გიგი გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შემდეგ, ნუშის ექსპორტის კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი გაჩნდა არაბულ ქვეყნებშიც.
„საამიროებთან საკმაოდ დიდი პოტენციალია. გადამუშავების შემთხვევაში იყო ტარიფები და ახალი ხელშეკრულების თანახმად თხილეულის მიმართულებით ეს ტარიფები მოიხსნება და გვექნება სერიოზული შესაძლებლობა, რომ გაერთიანებული საამიროების ბაზარზე კიდევ უფრო მეტად ვიყოთ წარმოდგენილი.“-აღნიშნა გიგი გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, „მკისამ“ ნუშის ბაღების გაშენება 2020 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე კომპანიის საკუთრებაში არსებული სუპერინტენსიური ნუშის ბაღები ბოლნისში 40 ჰექტარს მოიცავს.
„მკისას“ სამომავლო ხედვა კი ნუშის ბაღების 1500 ჰექტარზე გაშენებას გულისხმობს.