logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ნესვის მოყვანა საქართველოში – რა უნდა გაითვალისწინოთ უხვი მოსავლის მისაღებად?

ნესვის მოყვანა საქართველოში – რა უნდა გაითვალისწინოთ უხვი მოსავლის მისაღებად?

1789716836

ნესვი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზაფხულო კულტურაა. მისი ფართო გავრცელება განპირობებულია არა მხოლოდ გემოვნური თვისებებით, არამედ მაღალი კვებითი ღირებულებითაც: ნაყოფი 14-18%-ამდე შაქარს შეიცავს და მდიდარია როგორც ვიტამინებით, ისე მინერალებით.

საქართველოს კლიმატური პირობები ნესვისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. ცხელი ზაფხული, ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი და მზიანი დღეები ტკბილი ნაყოფის ფორმირებისთვის საუკეთესო გარემოდ მიიჩნევა. თუმცა უხვი მოსავლის მისაღებად მხოლოდ ეს პირობები არ კმარა და საბოლოო შედეგი დიდწილად დამოკიდებულია შესაბამისი ჰიბრიდის შერჩევაზე, ნიადაგის სწორ მომზადებაზე, თესვის ვადების დაცვასა და მცენარის სათანადო მოვლაზე.

ნიადაგის მომზადება

ნესვის მოსაყვანად საუკეთესოა კარგად დამუშავებული, ფხვიერი და ტენიანი ნიადაგი. მცენარის განვითარებისთვის ოპტიმალური მჟავიანობა pH 5.5-იდან 6.5-ამდე მერყეობს, ნიადაგის სასურველი ტენიანობა კი 75-80%-ს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ თესლის აღმოსაცენებლად ნიადაგის ტემპერატურა მინიმუმ 15°C-ს უნდა აღწევდეს, რის გამოც ნიადაგის მომზადების ვადები რეგიონების მიხედვით განსხვავდება. აღმოსავლეთ საქართველოში აღნიშნული სამუშაოები შემოდგომაზე სრულდება, ხოლო დასავლეთში - ადრე გაზაფხულზე.

ამასთანავე, აუცილებელია ნიადაგის უზრუნველყოფა ორგანული და მინერალური საკვები ელემენტებით. ორგანული სასუქებიდან რეკომენდებულია ძირითადი დამუშავებისას ერთ ჰექტარზე დაახლოებით 40-60 ტონა კარგად გადამწვარი ნაკელის შეტანა. კონკრეტული ნორმა უნდა განისაზღვროს ნიადაგის ნაყოფიერების, ორგანული ნივთიერების შემცველობისა და ნაკელის ხარისხის გათვალისწინებით.

მინერალური კვების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნესვის ბიოლოგიური მოთხოვნილება და საკვები ელემენტების მოსავლით გამოტანის საორიენტაციო მაჩვენებლები. საშუალოდ, 1 ტონა ხარისხიანი მოსავლის ფორმირებისას ნესვი ნიადაგიდან ითვისებს დაახლოებით 2.5-3.5 კგ აზოტს (N), 0.8-1.2 კგ ფოსფორს (P₂O₅) და 3.5-5.0 კგ კალიუმს (K₂O).

ნიადაგის მომზადებისას წინამორბედი კულტურის შერჩევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ნესვისთვის საუკეთესო წინამორბედებად მიიჩნევა სიმინდი, თავთავიანი და პარკოსანი მცენარეები. კიტრის, საზამთროს ან სხვა ბაღჩეულის შემდეგ ნესვის დათესვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან ნიადაგში საერთო დაავადებების გამომწვევი პათოგენები ჩნდება.

თესვა და ჩითილის გამოყვანა

ნესვის მოყვანა ორი გზითაა შესაძლებელი – ჩითილის გამოყვანით ან ღია გრუნტში პირდაპირი თესვით. თითოეულ მეთოდს თავისი უპირატესობა და სპეციფიკა აქვს, ამიტომ არჩევანი კონკრეტულ კლიმატურ პირობებსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

ჩითილის გამოყვანა აპრილის პირველ ან მეორე დეკადაში იწყება. თესლი ერთჯერად ჭიქებში ან სპეციალურ კასეტებში, 1.5-2 სანტიმეტრამდე სიღრმეში ითესება. ჩითილი აუცილებლად საჩითილეში უნდა გამოიყვანოთ, რათა ტემპერატურული რეჟიმი მუდმივად კონტროლირებადი და დაცული იყოს.

ალტერნატიული მეთოდია პირდაპირი თესვა ღია გრუნტში, რაც ძირითადად აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისშია შესაძლებელი. ამ შემთხვევაში თესვის სიღრმე 3-6 სანტიმეტრამდე განისაზღვრება. რაც შეეხება თესვის ნორმას, ერთ ჰექტარზე ოპტიმალური სიმჭიდროვე 2 500-3 000 მცენარეს შეადგენს როგორც პირდაპირი თესვისას, ისე ჩითილის გამოყვანისას. აღსანიშნავია, რომ უფრო პრაქტიკული და მიზანშეწონილია ჩითილის გამოყვანა, რადგან ეს მეთოდი შედარებით ნაკლებ შრომას მოითხოვს.

გასათვალისწინებელია, რომ ნესვი სითბოს მოყვარული კულტურაა. თესლის აღმოსაცენებლად საუკეთესოა 25°C-იდან 30°C-ამდე ჰაერის ტემპერატურა, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში აქტიურ ტემპერატურათა საჭირო ჯამი 1200°C-იდან 1500°C-ს აღწევს. მცენარე ვერ უძლებს ყინვას, რადგან ტემპერატურის მინუს 1°C-ამდე დაწევაც კი მის სიკვდილს იწვევს. კრიტიკული მაქსიმალური ზღვარი კი 43°C-იდან 45°C-ამდე მერყეობს.

ჩითილის გადარგვა ღია გრუნტში

ნესვის ჩითილის მეთოდით მოყვანისას მომდევნო მნიშვნელოვანი ეტაპი მცენარეების გადარგვაა. ამისათვის ოპტიმალური პერიოდი მარტიდან იწყება და მაისის ბოლომდე გრძელდება. ამ დროისთვის ჩითილები, როგორც წესი, 12-15 სანტიმეტრამდე სიმაღლისაა, მათი ასაკი 20-25 დღეა და მათ უკვე საკმარისად განვითარებული ფესვთა სისტემა აქვთ.

ნესვის ჩითილები წინასწარ მორწყულ ნიადაგში ირგვება. მწკრივად დარგვის შემთხვევაში კვების არე განისაზღვრება 1.5-2 მეტრამდე დაშორებით მწკრივებს შორის და 0.5-1 მეტრამდე დაშორებით მცენარეებს შორის. კვადრატული და ბუდობრივი სქემის გამოყენებისას კი მანძილი 1.8, 1.4 ან 1.25 მეტრი შეიძლება იყოს. შესაბამისი სქემა ნაკვეთის ფართობისა და კონკრეტული ჯიშის ზრდის ინტენსივობის გათვალისწინებით შეირჩევა, რადგან აქტიური ზრდის ჯიშებს განვითარებისთვის მეტი სივრცე ესაჭიროება.

გადარგვის დასრულებისთანავე მცენარეებს დროული მორწყვა სჭირდება, რათა ფესვთა სისტემა ახალ გარემოს კარგად შეეგუოს და გაძლიერდეს.

მოვლის აგროტექნიკა

გადარგვის შემდგომ პერიოდში მცენარის მოვლა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მორწყვას, ნიადაგის გაფხვიერებასა და გამოკვებას.

ნესვის მაღალტექნოლოგიური კომერციული წარმოება ეფუძნება წვეთოვან სარწყავ სისტემას. მორწყვის გრაფიკი მექანიკურად არ უნდა გაიწეროს, ის პირდაპირ უნდა მოერგოს ნიადაგის ტიპს, კლიმატურ პირობებსა და მცენარის განვითარების კონკრეტულ ფაზებს.

რაც შეეხება გაფხვიერებას, ეს ღონისძიება პირველად ჩითილების გადარგვიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ უნდა შესრულდეს. ნარგავები სარეველებისგანაც უნდა გასუფთავდეს. აღნიშნული აგროტექნიკური ღონისძიება ვეგეტაციის განმავლობაში შესაძლოა, ორჯერ ან სამჯერ გახდეს საჭირო. ნიადაგის დამუშავება ფესვთა სისტემის აერაციისთვისაა აუცილებელი, ვინაიდან ნესვის ფესვები სახნავ ფენაში, ათიდან ოცდახუთ სანტიმეტრამდე სიღრმეზეა განლაგებული და ნიადაგის ზედაპირული შრის მდგომარეობაზე მეყსეულად რეაგირებს.

ნესვის კვების პროგრამა მთლიანად ეფუძნება ნიადაგის წინასწარ ქიმიურ ანალიზს. წვეთოვანი სისტემის პირობებში დამატებითი კვება ხორციელდება ფერტიგაციის მეთოდით (სასუქების წყალთან ერთად მიწოდებით) და იყოფა მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით:

  • საწყისი ფაზა / დაფესვიანება (დარგვიდან ყვავილობამდე) – პირველი გაფხვიერების პერიოდში აქცენტი კეთდება ფოსფორით მდიდარ მინერალურ სასუქებზე, რაც აუცილებელია ძლიერი ფესვთა სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
  • ყვავილობისა და ნაყოფის ფორმირების ფაზა – კვება ხდება მაქსიმალურად ინტენსიური. ამ დროს მცენარეს მიეწოდება აზოტის, კალციუმისა და მიკროელემენტების (განსაკუთრებით ბორის) ოპტიმალური ბალანსი, რაც განაპირობებს უხვ ყვავილობასა და ჯანსაღ გამონასკვას.

მავნებლები და დაავადებები

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, რის გამოც მისი დაცვის სპეციფიკა მჭიდროდ უკავშირდება კიტრისა და საზამთროს აგროტექნიკას. მავნებლები და დაავადებები მცენარეს განვითარების სხვადასხვა ფაზაში აზიანებს, ამიტომ დროული მონიტორინგისა და პრევენციის გარეშე მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი საფრთხის ქვეშ დგება.

მავნებლებიდან ჩითილის ფაზაში ყველაზე დიდ ზიანს მახრა და ჭიჭინობელა იწვევს. მახრა ღეროს ძირს ღრღნის, რის შედეგადაც ჩითილი სუსტდება და ხმება, ჭიჭინობელა კი ნიადაგში ფესვთა სისტემას აზიანებს.

ვეგეტაციის პერიოდში საფრთხე მცენარის მიწისზედა ნაწილს ემუქრება. მაგალითად, ბახჩის ბუგრი და თრიფსი ფოთლებისა და ყლორტების წვენით იკვებება, რაც ვეგეტაციური მასის დახვევას, გაყვითლებასა და ზრდის შეფერხებას იწვევს. ამასთანავე, ბუგრი და თრიფსი გოგრისებრთა საშიში ვირუსების მთავარი გადამტანები არიან, რის გამოც დაზიანებული მცენარე ზომაში მცირდება და განვითარებას წყვეტს.

ვირუსების საწინააღმდეგო პირდაპირი ქიმიური საშუალება არ არსებობს, ამიტომ მთავარი აქცენტი მწუწნი მავნებლების პოპულაციის მკაცრ კონტროლსა და ვირუსებისადმი გამძლე ჰიბრიდების შერჩევაზე უნდა გაკეთდეს.

დაავადებებიდან ჩითილის ეტაპზე ყველაზე ხშირია ფესვისა და ფესვის ყელის სიდამპლე, როდესაც ღეროს ძირთან მუქი, დარბილებული უბანი ჩნდება და მცენარე ხმება. ჭარბი ტენიანობა, დაბალი ტემპერატურა და ჰაერის ცუდი ცირკულაცია ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. საპრევენციოდ პრევიკურ ენერჯი, სერენადე ასო და კონდორ შილდი გამოიყენება.

აქტიური ვეგეტაციის პერიოდში სოკოვან დაავადებებს შორის ყველაზე მეტად ჭრაქი, ნაცარი და ანთრაქნოზი აზიანებს მცენარეს:

  • ჭრაქი და ანთრაქნოზი – ფოთლებზე იწვევს ლაქების გაჩენასა და ქსოვილების დაზიანებას. ანთრაქნოზის დროს ნაყოფზეც ჩნდება წყლიანი, ჩაჭმული ლაქები, რაც მის სასაქონლო ღირებულებას მკვეთრად აქვეითებს.
  • ნაცარი – ფოთლებზე თეთრი, ფხვნილისებრი ნადების სახით ვლინდება. დაზიანებული ფოთლები თანდათან ხმება და ცვივა, რაც ფოტოსინთეზს აფერხებს და ნაყოფის ზომასა და შაქრიანობას ამცირებს.
  • ფუზარიოზული ჭკნობა – სოკო ფესვთა სისტემიდან მცენარის გამტარ ქსოვილებში ვრცელდება, რის გამოც ფოთლები თავდაპირველად ცალ მხარეს ყვითლდება, საბოლოოდ კი მთლიანი მცენარე ჭკნება. ვინაიდან ნიადაგში გავრცელებული სოკოს წინააღმდეგ პირდაპირი მკურნალობა ნაკლებეფექტურია, მთავარი რეკომენდაცია თესლბრუნვის წესების დაცვა და გამძლე ჰიბრიდების შერჩევაა.

სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ გამოიყენება ისეთი ფუნგიციდები, როგორებიცაა ალიეტი, მელოდი კომპაქტი, ზატო, ნატივო, კუპერვალი, დითანი, იროკო, სულფოლაკი და სხვა.

მოსავლის აღება

აგროტექნიკური ეტაპების სწორად შესრულების შემთხვევაში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით მოსავლის აღების პერიოდი დგება. კრეფა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, რადგან ნაყოფი მინდორზე არათანაბრად მწიფდება. საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 30-იდან 40 ტონამდეა.

სიმწიფის დადგენა რამდენიმე ნიშნით არის შესაძლებელი: ნაყოფის ყუნწი შრება და იგრიხება, იცვლება კანის შეფერილობა და ბადისებრი სტრუქტურა მკვეთრი ხდება, ნაყოფს კი დამახასიათებელი არომატი უჩნდება. აღსანიშნავია, რომ სრულად დამწიფებული, მაღალი ხარისხის ნესვის შაქრიანობა 11-13 Brix-ს შეადგენს (რისი გადამოწმებაც მარტივად, ხელით სარგებლობის რეფრაქტომეტრითაც არის შესაძლებელი. დიდი მნიშვნელობა აქვს კრეფის დროის ზუსტად შერჩევასაც, ვინაიდან პროცესის დაგვიანება ნაყოფის გემოსა და სტრუქტურას აუარესებს (რბილობი ფაფის სტრუქტურის ხდება) და შენახვის ვადას მკვეთრად ამცირებს.

მოსავლიანობა და ნაყოფის ხარისხი მხოლოდ აგროტექნიკურ ღონისძიებებზე არ არის დამოკიდებული – თავად სათესლე მასალის გენეტიკა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. სწორედ ამიტომ მომდევნო ქვეთავში იმ ჰიბრიდებს განვიხილავთ, რომლებიც საქართველოს კლიმატურ პირობებს საუკეთესოდ ერგება და პროფესიონალ ფერმერებში მაღალი ნდობით სარგებლობს.

ნესვის თესლები – საქართველოში ხელმისაწვდომი ჰიბრიდები

საქართველოს პირობებს განსაკუთრებით კარგად ერგება ჰოლანდიური კომპანია Nunhems-ის  რამდენიმე თანამედროვე ჰიბრიდი. Nunhems ბოსტნეულის სელექციაში 100 წელზე მეტი გამოცდილებით გამოირჩევა და ამჟამად 100-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს, რაც მას ნესვის სელექციაში მსოფლიო ლიდერთა რიცხვში აყენებს. განვიხილოთ თითოეული ჰიბრიდი დეტალურად:

კარიერი F1 – ანანასის ტიპის ნესვია ბადისებრი კანის ზედაპირით. ნაყოფის წონა 3-იდან 4 კილოგრამამდეა, რბილობი კი სტაფილოსფერია. ეს ჯიში როგორც საადრეო, ისე ძირითად სეზონზე მოყვანისთვის გამოიყენება. მცენარე საშუალო ზრდის ინტენსივობით ხასიათდება. კარიერი F1 ნაცრის მიმართ გამძლეობით გამოირჩევა;

კრიმადონა F1 – საშუალო-საადრეო სიმწიფის ჰიბრიდია, რომლის ვეგეტაცია 70-იდან 75 დღემდე მიმდინარეობს. ნაყოფი 2.5-იდან 3.8 კილოგრამამდე იწონის, აქვს მკვრივი, კრემისფერი რბილობი. მას კარგად გამოხატული ბადისებრი ზედაპირი ფარავს. ამ ჯიშის მთავარი უპირატესობა სიმკვრივეა, რის გამოც ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტირებას. მოსავლიანობა მაღალი და სტაბილურია. რეზისტენტულია ფუზარიოზული ჭკნობისა და ნაცრის მიმართ;

სისვითი F1 ადრეული სიმწიფის ჰიბრიდია, ვეგეტაციით 60-იდან 65 დღემდე. ნაყოფი საშუალოდ 3-იდან 4 კილოგრამამდეა, თუმცა ხელსაყრელ პირობებში 5-იდან 6 კილოგრამსაც აღწევს. ეს ჯიში მაღალი შაქრიანობითა (Brix) და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ნაყოფი მყარია, ერთგვაროვანი ფორმითა და ზომით, რაც სასურსათო ბაზრისთვის განკუთვნილ პროდუქციას საუკეთესოდ შეეფერება. რეზისტენტულია ფუზარიოზული ჭკნობისა და ნაცრის მიმართ;

ნესვის ინოვაციური სათესლე მასალა, მათ შორის ჩვენ მიერ განხილული ჰიბრიდები, ხელმისაწვდომია აგროსფეროში“. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, გაიაროთ აგროკონსულტაცია კომპანიის სპეციალისტებთან, რისთვისაც უნდა ეწვიოთ მის მაღაზიათა ქსელს ან დარეკოთ ნომერზე: 032 250 09 00.

გამოგვყევით