ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაში ProWine Shanghai, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართა ქართულ ღვინის მასტერკლასი-დეგუსტაცია სახელწოდებით Georgia – Small Country with Big Treasures (საქართველო - პატარა ქვეყანა დიდი საგანძურით), რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი (Fongyee Walker) უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ცხრა ქართული კომპანიის ღვინოები.
„ქართული ღვინის ბაზრების დივერისიფიცირების კუთხით, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიას. ზოგადად, ProWine-ის გამოფენების ციკლთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ProWine Shanghai-ს, ტრადიციულად, საერთო ჯამში, 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება. აღნიშნული მასშტაბის და მნიშვნელობის გამოფენაში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებებს დაესწრო.
საერთაშორისო ფორმატის ProWine გამოფენები წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს ამყარებენ. ProWine-ის მთავარ გამოფენას დუსელდორფი მასპინძლობს; წლის განმავლობაში კი, გამოფენები იმართება ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და სან-პაულოში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ProWein-ის გამოფენებზე გერმანიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში.