logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

საქართველოში ხილის წარმოება 4.5%-ით გაიზარდა და 642 მლნ კგ შეადგინა

საქართველოში ხილის წარმოება 2016-2022 წლებში წლიურად, საშუალოდ, 4.5%-ით გაიზარდა და 642 მლნ კილოგრამი შეადგინა. გალტ & თაგარტის სექტორალური კვლევის მიხედვით, ხილის წარმოებაში წამყვანია ყურძენი, ატამი და ვაშლი. აქედან ყურძენი ძირითადად ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში გამოიყენება, ხოლო ატამი და ვაშლი წამყვანი საექსპორტო პროდუქტებია.

„გალტ & თაგარტის“ კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა კაკლოვნებზე, კენკრასა და ატამზე.

ამ პროდუქტებს წარმოების მაღალი ზრდის პოტენციალი გააჩნიათ, შესაბამისად, აქვთ რესურსი, რომ ევროკავშირის რაოდენობრივი მოთხოვნაც დააკმაყოფილონ. გარდა ამისა, ქვეყანაში სოფლის მეუორნეობის განვითარების სააგენტო, ამ კულტურების განვითარების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს. შესაბამისად, არსებობს პოტენციალი, რომ საქართველომ ხილის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინოს და მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე არ იყოს დამოკიდებული. რაც შეეხება ხილის იმპორტს, ზრდა ფიქსირდება ამ ნაწილშიც და იგივე საანგარიშო პერიოდში, ანუ 2016-2022 წლებში მისი რაოდენობა გაორმაგდა და  თითქმის 92 მლნ დოლარი შეადგინა. იმპორტის ზრდა ძირითადად იმ პროდუქტებზე მოდის, რომელსაც საქართველო არ აწარმოებს, მაგალითად ბანანი, ავოკადო და ტროპიკული ხილი“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“  Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ხილის და ხორცის წარმოება იზრდება, მხოლოდ ეს ორი პროდუქტი ვერ განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის საშუალო მოსავლიანობას, რომელიც ჯამში, მაინც დაბალია.

„სოფლის მეუნეობის სექტორი ხასიათდება შინამეურნეობების მაღალი წილით და მცირე ზომის მეურნეობებით, რაც აისახება დაბალ მოსავლიანობაზე. ბიზნესის შემთხვევაში საშუალო მოსავლიანობა, ხშირ შემთხვევაში, ორჯერ მეტია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე, რაც ცხადყოფს ბიზნესის ეფექტურობას. მოსავლიანობის გაზრდისათვის ინვეტიციებთან ერთად, საჭიროა საწარმოთა გამსხვილება მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად, ტექნოლოგიების დანერგვა, აგრონომებისა და პროექტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება, ჯიშების სწორად შერჩევა, კრიზისების მენეჯმენტი და სხვ. რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებით გამოწვევებს, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის მთელ რიგ საკითხებთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროდუქტის სტაბილურად მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ამ კუთხით საჭიროა მოსავლის აღების შემდგომ პროდუქციის სწორად შენახვა, დასაწყობება და ხარისხის შენარჩუნება ტრანსპორტირებისას“, -განმარტა მარიამ ჩხვაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ამ ეტაპზე, ხილის გარდა, მთლიანად სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა რიცხვს, ის 229 ათას ადამიანს შეადგენს.

გამოგვყევით