საქართველოში თევზის იმპორტი იზრდება. ქვეყანამ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 2.6 მილიონი დოლარის ღირებულების, 309 ტონა თევზის იმპორტი განახორციელა. როგორც იმპორტირებული თევზის რაოდენობა, ისე ღირებულება თითქმის გაორმაგებულია. კერძოდ, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანაში 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების 176 ტონა თევზი იმპორტირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის თევზის მთავარი მომწოდებელი ქვეყანა თურქეთია.
თუმცა, მიუხედავად იმპორტის ზრდისა, მზარდია საქართველოდან თევზის ექსპორტიც. მართალია, ჯერჯერობით, ქართული თევზი მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და სომხეთში იყიდება, თუმცა დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს აქვს პოტენციალი, ადგილობრივი წარმოების თევზი ევროკავშირის ბაზარზეც გაიტანოს.
ამ ეტაპზე, ევროკავშირის ქვეყნებში - კერძოდ, იტალიასა და საბერძნეთში წარმატებით იყიდება ქართული თევზის ფქვილი.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ჯუბა მარუაშვილი აცხადებს, ამჟამად, საქართველოში ადგილობრივი წარმოება მცირეა, ვინაიდან აკვაკულტურის სახმელეთო მეურნეობებში წლიურად მხოლოდ 2 500 ტონა თევზი იწარმოება. თუმცა, წარმადობის გაზრდასთან და ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ევროკავშირის ბაზარზე ქართული თევზის ექსპორტი სულ უფრო რეალური გახდება.
10 ათას ტონაზე მეტი პროდუქტი - ეს არის ის საპროგნოზო რაოდენობა, რასაც ქართული აკვაკულტურის სექტორი, 2028 წლის ბოლომდე, თევზის წარმოებაში ელოდება.
ჯუბა მარუაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს არსებული წარმოება 5-ჯერ გაიზარდოს, გადამწყვეტია სახელმწიფო ინტერვენციები, რაც ფინანსურ მხარდაჭერასა და სუბსიდირებას გულისხმობს.
FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩევლის თქმით, გარკვეული ნაბიჯები აკვაკულტურის ინდუსტრიის გასაძლიერებლად საქართველოში, ბოლო წლებში, აქტიურად გადაიდგა: არსებობს სახელმწიფო სტრატეგია, ასევე შესაბამისი კანონი, გარდა ამისა, შავ ზღვაზე უკვე გაკეთებულია აკვაკულტურის ზონები, შესაბამისად, სექტორში მოლოდინია, რომ მარიკულტურის მიმართულებით წარმოების მაჩვენებლები ცალსახად გაიზრდება. დარგში ელიან, რომ მზარდი იქნება სახმელეთო მეურნეობებში მოყვანილი თევზის რაოდენობაც.
მიუხედავად ქართული აკვაკულტურის სექტორში არსებული გარკვეული წინსვლისა, დარგში კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. ჯუბა მარუაშვილის შეფასებით, ეს პრობლემები უმეტესად ბიო უსაფრთხოებასა და დაავადებების მართვას უკავშირდება. როგორც FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ამბობს, ფერმერებმა უნდა გამოიყენონ დაავადებებთან ბრძოლის აპრობირებული მეთოდები, ნაცვლად ანტიბიოტიკების უნივერსალური და არამიზნობრივი გამოყენებისა.
დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ წარმოების ზრდასთან ერთად, აუცილებელია სურსათის უვნებლობის და ხარისხის სტანდარტების დაცვაც. ასევე, აუცილებლად მიაჩნიათ თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლა და სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებით ახალგაზრდა თაობის დაინტერესება, რაც დღეს ნაკლებად შეინიშნება. გარდა ამისა, ქართული აკვაკულტურისთვის წლებია პრობლემას წარმოადგენს იმპორტირებულ საკვებზე მაღალი დამოკიდებულება, რადგან ქვეყანაში თევზის საკვები ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება.