საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) ორგანიზებით სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ტრეინინგი თემაზე: „მეთოდების ვალიდაცია, ვერიფიკაცია და გაზომვის განუსაზღვრელობის შეფასება“ გაიმართა, რაც ლაბორატორიული კვლევების სანდოობისა და ხარისხის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
ტრენინგში მონაწილეობა სხვადასხვა კვლევითი სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევის დეპარტამენტების სპეციალისტებმა. ტრენინგს ქიმიის დოქტორი იმედა რუბაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მეთოდების ვალიდაციისა და ვერიფიკაციის ძირითადი ეტაპები, საერთაშორისო მოთხოვნები, გაზომვის განუსაზღვრელობის შეფასების პრინციპები, ასევე პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევების სიზუსტისა და სანდოობის უზრუნველყოფას ემსახურება.
აღინიშნა, რომ თანამედროვე ლაბორატორიული საქმიანობა მხოლოდ კვლევის ჩატარებით არ შემოიფარგლება - განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ რამდენად სანდოა გამოყენებული მეთოდი და რამდენად შეესაბამება იგი საერთაშორისო სტანდარტებს. სწორედ ვალიდაციისა და ვერიფიკაციის პროცესები ქმნის იმ საფუძველს, რომელიც ლაბორატორიული შედეგების ხარისხს, განმეორებადობასა და სიზუსტეს უზრუნველყოფს.
ტრენინგი მონაწილეებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს კვლევით სფეროში ხარისხის მართვის სისტემების სრულყოფასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე მიდგომების დანერგვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლაბორატორიული საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და მაღალი ხარისხის შედეგების უზრუნველყოფაში.