საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის, ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, IT სექტორის შემოსავლების ბრუნვა 2020 წელთან შედარებით გაათმაგდა.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით გაოთხმაგდა.
"სტარტაპებთან მიმართებით ცვლილებები ძალაში 24 სექტემბერს შევიდა. შესაბამისად, კონკრეტულ შედეგებზე ამ წამს ვერ ვისაუბრებთ. IT-თან მიმართებით, გაზომვადი შედეგები შეგვიძლია, წარმოვადგინოთ - 2024 წლიდან საგადასახადო რეფორმები მოხდა, რომელმაც ქვეყანაში საერთაშორისო კომპანიების შემოყვანა უზრუნველყო. თვითონ IT სექტორის შემოსავლების ბრუნვა 2020 წელთან შედარებით გაათმაგდა, ეს ყველაფერი პირდაპირ ექსპორტზეა მიბმული, მაგალითად, 2023 წლის მონაცემებით ექსპორტი 9%-ია. ამასთან, 2024 წლის მონაცემები ოქტომბრის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს და კიდევ უფრო ზრდას ველოდებით. მთლიან შიდა პროდუქტში IT სექტორის წილი 1%-ი გახლდათ და ახლა 5%-ია. დასაქმების ნაწილში, დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელთან შედარებით გაოთხმაგდა, საშუალო ხელფასი სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო ხელფასი მთელს საქართველოში. ეს შედეგები ეკონომიკის ზრდას პირდაპირ უზრუნველყოფს", - აცხადებს ავთანდილ კასრაძე.
ცნობისთვის, 24 სექტემბრიდან ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსების მქონე სუბიექტებისთვის საგადასახადო შეღავათები ამოქმედდა.
აღნიშნული ცვლილებით ინოვაციურ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მათი დაფუძნებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ.