"მაგთიკომმა" 5G ინტერნეტი უკვე გაუშვა,რომელიც მობილური ინტერნეტის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ქსელი აგებულია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და გამოყენებულია 5G ტექნოლოგიისათვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის სრული სპექტრი.
"მაგთიკომმა" გუშინ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სიხშირულ აუქციონში გაიმარჯვა და 5G სიხშირეების გამოყენების ლიცენზია ჯამში 149 მილიონ ლარად შეიძინა. დღეიდან კი კომპანიამ ამ სიხშირეების ოპერირება და მომხმარებლებისთვის 5G ინტერნეტის მიწოდება თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო.
"მაგთის" გენერალური დირექტორის, გიორგი გაგნიძის განცხადებით, 5G ტექნოლოგია გავლენას იქონიებს უკლებლივ ყველა სფეროზე, შეცვლის და ახალ დონეზე აიყვანს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებას.
კომპანიის ინფორმაციით, საქართველოში სწორედ "მაგთიკომის" აბონენტებს ექნებათ საშუალება გამოცადონ 5G-ის უპირატესობები სრულფასოვნად, შეადარონ და შეიგრძნონ სრულყოფილი 5G ქსელის შესაძლებლობები და ხარისხი.
მათივე ინფორმაციით, 5G ინტერნეტის დანერგვა არსებულ სატარიფო პირობებში მოხდება, შესაბამისად, აღნიშნულის ფარგლებში ტარიფების ფასის მატება არ განიხილება.
როგორც "მაგთიკომის" ვებგვერდზეა აღნიშნული, 5G ტექნოლოგია არის 10-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე - 4G.
თეორიული სიჩქარე - 2 გბ/წმ-მდე. მონაცემთა მომენტალური გადაცემა, პრაქტიკულად დაყოვნების გარეშე (1 მილიწამამდე). 1 მილიონამდე მოწყობილობის ერთდროული მომსახურება 1 კმ2-ზე (100-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე - 4G).
ამ ეტაპზე მაგთიკომის 5G ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მოდელებით, თუმცა სია ეტაპობრივად განახლდება: iPhone, SAMSUNG,XIAOMI,HONOR.