logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"რამდენი პროფესიონალი ქართველი IT სპეციალისტიც იქნება, ყველა იშოვის სამსახურს" - ავთანდილ კასრაძე

"რამდენი პროფესიონალი ქართველი IT სპეციალისტიც იქნება, ყველა იშოვის სამსახურს" - ავთანდილ კასრაძე

1750359356

რამდენი პროფესიონალი ქართველი IT სპეციალისტიც იქნება, ყველა იშოვის სამსახურს, - ასე უპასუხა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერის წამყვანის შეკითხავს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს  თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ. კითხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში IT ბინადრობის უფლების მინიჭების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხებოდა.

ავთანდილ კასრაძის განმარტებით, საქართველოში უცხოელი IT  სპეციალისტების ჩამოსვლა, ქართველი პროფესიონალებისთვის საფრთხის შემცველი არ არის და ისინი სამუშაოს არ დაკარგავენ.

„იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ რაც უფრო მეტ კადრებს მივაწოდებთ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს, ისინი უფრო მეტი შეკვეთის აღებას შეძლებენ. ამიტომ, ყველა დასაქმდება და არავინ არავის წაართმევს სამუშაოს, აქ სამუშაო რესურსზე პრობლემა არ იქნება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე განმარტებით, მითუმეტეს, აქ კონკურენციას ადგილი არ ექნება დამწყებ სპეციალისტებთან, რადგან საქართველოში IT ბინადრობის უფლებას მხოლოდ მაღალანაზღაურებადი უცხოელი სპეციალისტები მიიღებენ.

„კანონში სპეციალურად ჩავწერეთ რომ 25 ათას დოლარზე ნაკლებ ხელფასიანი აქ ვერ შემოვა და ამ ბინადრობის უფლებას ვერ მიიღებს. ამიტომ, უზრუნველვყოფთ, რომ მაღალი დონის პროფესიონალები ჩამოვიდნენ და მათ ჩამოსვლას ძალიან დიდი ეფექტი ექნება როგორც საქართველოს ეკონომიკაზე, ისე ცოდნის გაზიარების კუთხით. დათვლილი გვაქვს და მაღალანაზღაურებადი აიტი სპეციალისტი თავისი ხელფასის, საშუალოდ, 40-45%-ს ხარჯავს იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს. ამიტომ, ეს იქნება ძალიან დიდი კონტრიბუცია ქართულ ეკონომიკაში“, - აღნიშნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს  თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალების ჩამოსვლით, საქართველო შეძლებს გლობალურ პროექტებზე მუშაობასაც.

ავთანდილ კასრაძე ვარაუდობს, რომ მომდევნო რამდენიმე წელში საქართველოში შესაძლებელი იქნება, დაახლოებით, 50 ათასიდან 100 ათასამდე ამ კატეგორიის აიტი სპეციალისტის მოზიდვა. ბინადრობის სავარაუდო დრო და ხანგრძლივობა კი 2-3 წელი იქნება.

შეგახსენებთ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში IT ბინადრობის მიღებას სექტემბრიდან შეძლებენ. საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე მიიღო კანონი, რომელიც შემოდგომიდან ამოქმედდება.

გამოგვყევით