საგრანტო მიმართულებით ცვლილებები გვექნება და თითო სტარტაპის დაფინანსება გაიზრდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სექტემბრიდან საქართველოში უკვე 4 საერთაშორისო აქსელერატორი შემოვა.
„ახლა მიმდინარეობს კონკურსი და ჩვენ ზაფხულში უკვე შევარჩევთ იმ 4 აქსელერატორს, რომელიც სექტემბრიდან დაიწყებს მუშაობს ჩვენს ქვეყანაში. ეს ნიშნავს იმას, რომ საგრანტო რესურსი იქნება ამ აქსელერაციის თანამდევი პროცესი. სტარტაპი რომ მოხვდება აქსელერატორში, მას მსოფლიო დონის წამყვანი მენტორები, გამოცდილი ადამიანები, ყოფილი CEO-ები წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დაეხმარებიან და იმუშავებენ მათთან ერთად, რომ არ დაუშვან ის შეცდომები, რომლებსაც, როგორც წესი, უშვებენ ხოლმე სტარტაპები. შესაბამისად, ის ინვესტიცია, რომელსაც მთავრობა განახორციელებს თითო სტარტაპში და რომელიც 150 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე იზრდება, იქნება უფრო ეფექტიანად ათვისებული და უფრო დიდი შედეგის მომტანი“, - განმარტა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე ინფორმაციით, ისევ 40 სტარტაპი დაფინანსდება.
რაც შეეხება ზოგადად, ქართული სტარტების კონკურენტუნარიანობას, კასრაძე ამბობს, რომ სტარტაპების დონე საქართველოში არაფრით არ განსხვავდება მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ჰაბებისგან.
„აქ არის თემა, რომ შემდგომი განვითარებისთვის ამ სტარტაპებს სჭირდებათ უფრო მეტი კაპიტალი და ის, რომ უფრო მეტი კაპიტალი იყოს ქვეყანაში უზრუნველყოფილი, სწორედ ამიტომ ტარდება რეფორმები IT მიმართულებით საქართველოს მთავრობის მხრიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია 0 პროცენტიანი საგადასახადო რეჟიმი. პირველი სამი წელი მთავრობა სტარტაპებისგან გადასახადებს არ იღებს“, - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და ასევე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ყოველწლიურად მილიონობით ლარს დებენ სტარტაპებში.
„ამ დროის მონაცემებით, ქართულ სტარტაპებში ინვესტიციამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა, 550 მილიონზე ზევითაა. დაახლოებით, წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით, რომ 700 მილიონამდე გაიზრდება ინვესტიციის მოცულობა“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
როგორც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ განმარტა, ქართულ IT მიმართულებას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის იქცეს შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.
„ქართული ეკონომიკის სწრაფი განვითარება მეტწილად დამოკიდებული იქნება რამდენად ნოვატორები და ტექნოლოგიურები ვიქნებით მომავალში“, - განაცხადა კასრაძემ და იქვე დაამატა, რომ საქართველოს მშპ-ში უკვე 7%- ამდეა ტექნოლოგიური კომპანიების წილი გაზრდილი.