ბახმაროში ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება - მომავალი წლის იანვარ-თებერვლის ჯავშნები უკვე შევსებულია, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" სასტუმრო "პანორამა ბახმაროს" დამფუძნებელმა გიორგი კეჭაყმაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ძალიან დიდი აქტივობა შეინიშნება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, მათ შორის, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და ა.შ.
"ჩვენ ერთადერთი სასტუმრო ვართ ბახმაროში, რომელიც ვიზიტორებს წელიწადის ოთხივე სეზონზე ვმასპინძლობთ. ზამთრის სეზონი პირადად ჩემთვის და ჩემი კომპანიისთვის ძალიან კარგი იყო. სტუმრები უსაზღვრო ემოციებით და შთაბეჭდილებებით წავიდნენ და მომავალი წლის იანვარ-თებერვლის ჯავშნებიც უკვე შევსებულია", - აცხადებს გიორგი კეჭაყმაძე.
რაც შეეხება ზაფხულის სეზონს - სასტუმროს დამფუძნებელი აცხადებს, რომ დაახლოებით, 15 დღეა, რაც "პანორამა ბახმარომ" ზაფხულის სეზონი გახსნა და მოთხოვნა უკვე არის.
მანვე აღნიშნა, რომ ზაფხულის პერიოდში, აგვისტოში სასტუმროს 40% უკვე დაჯავშნილია, ხოლო ივლისში 35%.
"ველოდები მაღალ დატვირთულობას. ჩვენ წინა წელთან შედარებით გარკვეული სერვისები დავამატეთ სასტუმროში, მათ შორის, ველოტური და ასევე, ჯიპტური, რომელიც მოიცავს ბახმაროს 1-დღიან ტურს და 3-დღიან ტურს (ბახმარო, გომის მთა-ბახმაროს გზა და ჭინჭაოს ტბა). ამ ეტაპზე სექტემბრის ჯავშნები არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობთ, რომ აღნიშნული თვეც აქტიური გვექნება. ესპანელების ჯგუფს ჯავშანი უკვე გაკეთებული აქვს ზაფხულის პერიოდში, ასევე, ჯავშნები მიღებული გვაქვს იტალიელებისგან და შესაბამისად, სტუმრებს თითქმის ყველა ქვეყნიდან ველოდებით.
რაც შეეხება რესტორანს, რომელიც "პანორამა ბახმაროს" შემადგენელი ნაწილია - ქართული, ტრადიციული კერძების გარდა, დაგვემატება შავი ზღვის პროდუქცია, ლუდის ბარი და ა.შ. ამასთან, "პანორამა ბახმაროს" რესტორნით შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ბახმაროს ყველა ვიზიტორმა თუ მცხოვრებმა, რადგან ჩვენ მიტანის სერვისს ვამატებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ბახმაროში მყოფ მოქალაქეებს საყვარელი კერძების შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ", - აცხადებს გიორგი კეჭაყმაძე.