logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"რაჭა ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა და უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდება" - "დაკიდულა"

ამბროლაურში მდებარე სასტუმრო "დაკიდულას" მენეჯერი გიორგი გოგოძე რეგიონის გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რაჭა ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა და უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდება.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მიმდინარე წელს ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა რეგიონი კვლავ სეზონურობაზეა დამოკიდებული.

"წინა წლებთან შედარებით წელს დამსვენებელთა რაოდენობა გაზრდილია. გარდა ამისა, გვაქვს წინასწარი ჯავშნები ძირითადად ტურისტული კომპანიებისგან. დამსვენებელთა სეგმენტს რაც შეეხება - 60% ადგილობრივია, ხოლო 40% უცხოელი. 

ძალიან კომფორტულია, რომ რაჭის მიმართულებით ფრენები ხორციელდება, თუმცა რეგიონში ტურისტული დანიშნულების ადგილები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია, რაც გადაადგილებას ართულებს. გარდა ამისა, ტაქსების ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია, ამიტომ გადაადგილებისთვის საკუთარი ავტომობილი აუცილებელია.

გარდა ამისა, რაჭა, მაგალითად, სვანეთთან შედარებით, ნაკლებად ცნობილი ლოკაციაა. აქედან გამომდინარე, რაჭა სეზონური კურორტია და სასტუმროებიც ძირითადად გაზაფხულიდან სექტემბრამდე მუშაობენ. რაჭის რეგიონს უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდება", - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი. 

ცნობისთვის, ამბროლაურში მდებარე სასტუმრო "დაკიდულა" 2021 წელს გაიხსნა. სასტუმრო კომპლექსი 9 კოტეჯს აერთიანებს და ჯამში 25-მდე სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რესტორანიც, სადაც წარმოდგენილია როგორც რაჭული და ქართული ტრადიციული, ისე ევროპული სამზარეულო. ბოლო პერიოდში მენიუს იტალიური კერძებიც დაემატა.

კომპლექსი ასევე ფლობს ვენახებს და სამომავლოდ მარნის მოწყობას გეგმავს, სადაც დეგუსტაციები გაიმართება.

გამოგვყევით