logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

რაჭის მიმართ ტურისტული ინტერესი გაიზარდა - "ჭრებალოს მარანი"

"ჭრებალოს მარნის" თანადამფუძნებლის სალომე ლეკიშვილის განცხადებით, რაჭის მიმართ ტურისტული ინტერესი გაიზარდა.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, რაიონში ძალიან ბევრი ახალი ობიექტი გაიხსნა, რაც სწორედ ტურისტული ნაკადების ზრდასთან არის დაკავშირებული.

"ჩვენი სტუმრები ძირითადად ადგილობრივი ტურისტები არიან, თუმცა ხშირად არიან უცხოელებიც. შეიძლება ითქვას, რომ 70% არის ადგილობრივი, ხოლო 30% უცხოელი ტურისტია. აგვისტოში 80%-იან დატვირთულობას ველოდებით. ამ ეტაპზე რაჭაში ტურიზმი სეზონურია, თუმცა რეგიონის მიმართ ცნობადობა გაიზარდა", - აღნიშნა სალომე ლეკიშვილმა.

როგორც "ჭრებალოს მარნის" თანადამფუძნებელი აცხადებს, კომპანია სასტუმროს მიმართულებით განვითარებას გეგმავს და ასევე, სხვადასხვა თემატური ტურების დამატებას აპირებს.

"ამჟამად სასტუმროს პროექტირების ეტაპზე ვართ და გვინდა, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის დავასრულოთ მშენებლობა. ძალიან დიდი მოთხოვნა და დაინტერესებაა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სასტუმროს მიმართულებაც ჩავსვათ ჩვენს კომპლექსში.გარდა ამისა, სასტუმროს დამატებამდე ჩვენ გვინდა, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა თემატური პაკეტები შევთავაზოთ. მათ შორის, ღვინის, კულინარიული და ა.შ.", - აცხადებს 

ცნობისთვის, მარანი  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში მდებარეობს. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ. ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.

კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამან განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება. „ჭრებალოს მარანი“  რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 7 სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს აწარმოებს. მარანში ხდება ასევე ჭაჭის წარმოებაც.

გამოგვყევით