ჩვენ ვთანამშრომლობთ ტურისტულ სააგენტოებთან და ივნისიდან წინასწარი ჯავშნები უკვე გვაქვს. ველოდებით, რომ ზაფხულის პერიოდში 70%-იანი დატვირთულობა უნდა გვექნება, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ს მფლობელმა ივერი ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შემცირებულია რუსი და ევროპელი ტურისტების რაოდენობა, თუმცა გაზრდილია აზიიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი.
"20 მაისიდან ტურისტული ჯგუფების შემოსვლა ნელ-ნელა დაიწყო, თუმცა დაბალმხარჯველუნარიანები არიან. ესენი არიან აზიის ქვეყნებიდან და მათ შორის, ჩინეთიდან. ევროპის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები უფრო მეტად მაღალმხარჯველუნარიანები არიან", - აცხადებს ივერი ჭელიძე.
მანვე აღნიშნა, რომ მესტიაში კონკურენტუნარიანობა გაიზარდა და ბევრი სასტუმრო გაიხსნა.
"სასტუმროების რაოდენობა არა მხოლოდ მესტიაში, არამედ სხვა ქალაქებსა თუ დაბებში გაიხსნა. შესაბამისად, ვიზიტორები ნაწილდებიან სხვადასხვა სასტუმროში და ერთი კონკრეტული სასტუმრო ვეღარ იტვირთება 100%-ით. რაც დრო გავა მით უფრო გაიზრდება ვიზიტორების რიცხვი სვანეთში, რადგან ინფრასტრუქტურა ეწყობა და ასევე, სვანეთი ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა და მისი პოპულარობა იზრდება", - აცხადებს ივერი ჭელიძე.
ცნობისთვის, სასტუმრო Chalet Mestia სვანეთში, დაბა მესტიაში 5 წლის წინ დაფუძნდა. სასტუმრო 15 ნომერს და რესტორანს მოიცავს.